კომპანიის ისტორიაში პირველად, Netflix-მა „ჩართულობის ანგარიში“ გამოაქვეყნა, რომელიც პლატფორმის 18,000-მდე ფილმსა და ტელეშოუს აერთიანებს. ამერიკული სტრიმინგ-სერვისი სამომავლოდ ანგარიშს უკვე წელიწადში ორჯერ გამოაქვეყნებს, რაც მის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებაა. Netflix-ი მაყურებელთა მონაცემებს ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა.

თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო. თავდაპირველად Netflix-მა მონაცემები პლატფორმის ყველაზე პოპულარული შოუებისთვის ინდივიდუალურად გამოაქვეყნა, შემდეგ კი ტოპ-10-იც გაასაჯაროვა. აღსანიშნავია, რომ პროდიუსერებისა და მსახიობების ნაწილისთვის ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი, რაზეც Netflix-ის თანააღმასრულებელმა დირექტორმა ტედ სარანდოსმა განაცხადა, რომ გამჭვირვალობის ნაკლებობამ კომპანიის პარტნიორებთან უნდობლობა წარმოქმნა.

Netflix-ზე ყველაზე ნახვადი შოუებიდან ერთის გარდა ყველა სტრიმინგ-სერვისის ორიგინალი კონტენტია. ერთადერთი ლიცენზირებული შოუ, რომელიც ათეულში მოხვდა, „სამხრეთის დედოფლის“ მესამე სეზონია. საერთო ჯამში ლიცენზირებულ კონტენტს ნახვების მონაცემებში 45% უკავია, ორიგინალს შესაბამისად - 55%. ანგარიში პლატფორმის 240 მილიონი გამომწერის მონაცემებზე დაყრდნობითაა შედგენილი, შოუების მიერ დაგროვილი ნახვის საათების მიხედვით.

Netflix-ის ანგარიშით, პლატფორმაზე 4,000-ზე მეტი შოუა, რომელთა ნახვის დროც 100,000 საათი ან მასზე ნაკლებია. ეს კი ნიშნავს, რომ 4,000-ზე მეტ შოუს სტრიმინგ-სერვისზე გლობალურად 100 ათასზე ნაკლები ადამიანი უყურებს - Netflix-ის მომხმარებელთა 0.04%-ზე ნაკლები. Netflix-ის განმარტებით, ამ შოუთა დიდი ნაწილი პლატფორმაზე მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.

Netflix-ზე 2023 წლის ყველაზე პოპულარული შოუების ათული:


  1. ღამის აგენტი (სეზონი 1) - 812.1 მილიონი საათი

  2. ჯინი და ჯორჯია (სეზონი 2) - 665.1 მილიონი საათი

  3. ტრიუმფი (სეზონი 1) - 622.8 მილიონი საათი

  4. უენსდეი (სეზონი 1) - 507.7 მილიონი საათი

  5. დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონის ამბავი - 503 მილიონი საათი

  6. შენ (სეზონი 4) - 440.6 მილიონი საათი

  7. სამხრეთის დედოფალი (სეზონი 3) - 429.6 მილიონი საათი

  8. აუთერ-ბანქსი (სეზონი 3) - 402.5 მილიონი საათი

  9. ჯინი და ჯორჯია (სეზონი 1) - 302.1 მილიონი საათი

  10. ფუბარი (სეზონი 1) – 266.2 მილიონი საათი