Frontiers in Psychology-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც წინადადებების უფრო რთულ სტრუქტურებს იყენებენ, გადაწყვეტილების მიღებისას გაურკვეველ სცენარებში უკეთესად მოქმედებენ. კვლევის თანახმად, ეს ენობრივ დახვეწილობასა და კოგნიტიურ უნარს შორის კავშირზე მიანიშნებს.

Visual Capitalist-მა, ენის შემსწავლელი პლატფორმა Preply-ის ლინგვისტური ანალიზის საფუძველზე, ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე 15 ყველაზე ჭკვიანი აღმასრულებელი დირექტორის სია შემოგვთავაზა. რეიტინგი CEO-ების გამოსვლებისა და ინტერვიუების ლინგვისტურ ანალიზს დაეფუძნა. კვლევის დროს Preply-მ საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით 100 უმსხვილესი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და დამატებით 26 CEO (მაგ. OpenAI-ის სემ ალტმანი) შეაფასა. თითო აღმასრულებლის შემთხვევაში საშუალოდ 2,25-საათიანი მეტყველება გააანალიზეს.

მკვლევრებმა რამდენიმე კოგნიტიური და კომუნიკაციური თვისება შეაფასეს, მათ შორის ვერბალური უნარი, აბსტრაქტული და კონცეპტუალური აზროვნება, კრეატიულობა, მეხსიერება და ლოგიკური მსჯელობა. ამ კრიტერიუმების გამოყენებით კი მათ დაახასიათეს თითოეული CEO, თუ რამდენად ეფექტიანად და ჭკვიანურად გამოხატავენ რთულ იდეებს. კვლევა მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ინტელექტის შეფასებას, არამედ თითოეული ლიდერის სიტყვების მიღმა აზროვნების სიცხადისა და სიღრმის გაგებას.

Preply-ის ლინგვისტური ანალიზის თანახმად, აშშ-ის ყველაზე ჭკვიანი CEO ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯენსენ ჰუანგია. იგი ტაივანში დაიბადა, ტაილანდში გაიზარდა და 9 წლის ასაკში აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. ჰუანგმა ბაკალავრის ხარისხი ორეგონის შტატის უნივერსიტეტში მოიპოვა, მაგისტრის კი — სტენფორდში.

ჯენსენ ჰუანგმა Nvidia 1993 წელს დააარსა, რაც სან-ხოსეში მდებარე Denny’s-ში საუზმობისას გამართულ შეხვედრაზე გადაწყდა. დღეს ის ყოველდღიურად დაახლოებით 14 საათს მუშაობს, 60-ზე მეტ ადამიანს უშუალოდ მართავს და გუნდურ მუშაობაში მჭიდრო, სწრაფ და გამჭვირვალე კომუნიკაციას ანიჭებს უპირატესობას.

Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის ტექნოლოგიური მემკვიდრეობა კიდევ უფრო საინტერესო ხდება იმით, რომ ჰუანგი ნათესაურ კავშირშია AMD-ის CEO ლისა სუსთან — ამით ისინი ერთდროულად კონკურენტებიც არიან და ოჯახის წევრებიც.

გარდა პროფესიული მიღწევებისა, ჰუანგი ქველმოქმედებითაც გამოირჩევა. ის აქტიურად წირავს თანხებს განათლების სფეროს, მათ შორის სტენფორდისა და ორეგონის უნივერსიტეტებს, სადაც ინჟინერიისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევებს აფინანსებს.

აშშ-ის 15 ყველაზე ჭკვიანი აღმასრულებელი დირექტორი: 






































































































ადგილი სახელი კომპანია ქულა
1 ჯენსენ ჰუანგი NVIDIA 81.3
2 ჯიმ ტაიკლეტი Lockheed Martin 80.9
3 დემის ჰასაბისი DeepMind 80.8
4 ვინსენტ როუში Analog Devices 80.6
5 მეთ მერფი Marvell Technology Group 78.4
6 რიდ ჰასტინგსი Netflix 77.3
7 ჟოზეფ დომინგესი Constellation Energy 76.7
8 სტივენ შვარცმანი Blackstone Group 76.4
9 რობერტ ფორდი Abbott Laboratories 76.1
10 მარკ ანდერსენი Andreessen Horowitz 75.5
11 პატრიკ კოლისონი Stripe 75.4
12 სემ ოლტმენი OpenAI 75.2
12 შანტანუ ნარაიენი Adobe 75.2
14 რობერტ ბრედუეი Amgen 74.4
15 ჯეიმს დაიმონი JPMorgan Chase 74.3