ფოტო: Getty Images

 

აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს კერძო სექტორის კონტრაქტებზე. ამ ხარჯების დიდი წილი კი სულ რამდენიმე ათეულ კომპანიაზე ნაწილდება. აშშ-ის მსგავსი მკვეთრად კაპიტალისტური ქვეყნებისათვის სერვისების განხორციელების ეს მოდელი მეტად მიღებულია და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს.

აშშ-ის მთავრობა კონტრაქტორებს სხვადასხვა ტიპის სერვისების ან პროდუქციის მისაღებად ქირაობს, მათ შორისაა: სოციალური სერვისები, სამხედრო მრეწველობა, ჯანდაცვა, საბანკო საქმე, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვა. სტატიაში კი სწორედ აშშ-ის მთავრობის უმსხვილესი კონტრაქტორების რეიტინგს წარმოგიდგენთ. მონაცემები აღებულია მთავრობის ხარჯების მეთვალყურე კვლევითი ორგანიზაციის ანგარიშიდან, რომელიც დაკონტრაქტების ოფიციალური ვებგვერდის მაჩვენებლებს ეყრდნობა.

რეიტინგი შედგენილია 2025 ფისკალური წლის მაჩვენებლების გათვალისწინებით და მოიცავს აშშ-ის ფედერალური მთავრობის მიერ ყოველი კონტრაქტორი კომპანიისათვის გადასაცემი ფინანსური ვალდებულების მაჩვენებლებს.

გასაკვირი არ არის, რომ რეიტინგის სათავეში აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპანიები ექცევიან. ამ მხრივ უპირობო ლიდერი ცნობილი ამერიკული სამხედრო კომპანია Lockheed Martin-ია, რომელიც აშშ-ის მთავრობისთვის წამყვან მრავალფუნქციურ სტელს-ტიპის გამანადგურებელ F-35-ებს აწარმოებს. ჯამში 2025 ფისკალურ წელს აღნიშნულმა კომპანიამ აშშ-ის ფედერალური მთავრობისგან $73.7 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები მიიღო. სამთავრობო კონტრაქტებში Lockheed Martin-ის დომინაცია იმდენად დიდია, რომ მისი კონტრაქტები რეიტინგის მომდევნო ორი კომპანიის ჯამურ ღირებულებასაც აღემატება.

რეიტინგის მეორე პოზიციასაც სამხედრო კომპანია General Dynamics-ი იკავებს. ის მრავალ სხვა მაღალტექნოლოგიურ სამხედრო პროდუქტთან ერთად, აშშ-ის არმიის მთავარი საბრძოლო ტანკების, M1A2 Abrams-ების მწარმოებელია. ამ უკანასკნელმა გასულ ფისკალურ წელს $35.9 მილიარდის ღირებულების კონტრაქტები მიიღო. რეიტინგის მესამე პოზიციას ასევე სამხედრო კონტრაქტორი, ყველაზე მოთხოვნადი Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მწარმოებელი Raytheon-ი იკავებს. მის მიერ მიღებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება $34 მილიარდს შეადგენს.

ხუთეულში ერთადერთი არასამხედრო კომპანია UnitedHealth Group-ია, რომელმაც ფედერალური მუშაკების ჯანდაცვის დაზღვევის, ბენეფიტებისა და სხვა სერვისებისათვის, 2025 ფისკალურ წელს აშშ-ის მთავრობისგან $25.4 მილიარდი მიიღო. კიდევ ერთი მსხვილი ჯანდაცვის სექტორის კომპანია რეიტინგის მეშვიდე ადგილზე მყოფი TriWest Healthcare Alliance-ია, რომელიც აშშ-ის სამხედრო პერსონალის ოჯახების ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებას უზრუნველყოფს. ამ უკანასკნელის მიერ მიღებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება $13.4 მილიარდს შეადგენს.

რეიტინგის ათეულში მყოფი ერთადერთი საინფორმაციო ტექნოლოგიური კომპანია Leidos-ი, აშშ-ის ფედერალური მთავრობის კონტრაქტებს ($12.6 მილიარდი) კვლავ სამხედრო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად იღებს. IT-კომპანიების უმეტესობა სამთავრობო კონტრაქტებს სწორედ კიბერუსაფრთხოების, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა სისტემებისა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პლატფორმებისათვის იღებენ.













































































































რეიტინგი კომპანია კონტრაქტების ღირებულება (2025) პროდუქტი (მაგალითი) ინდუსტრია
1 Lockheed Martin $73.7 მილიარდი გამანადგურებელი F-35 თავდაცვა
2 General Dynamics $35.9 მილიარდი M1A2 Abrams ტანკი თავდაცვა
3 RTX (Raytheon) $34.0 მილიარდი სარაკეტო სისტემა Patriot თავდაცვა
4 UnitedHealth Group $25.4 მილიარდი ფედერალური მუშაკების ჯანდაცვის ბენეფიტები ჯანდაცვა
5 Boeing $23.1 მილიარდი გამანადგურებელი F-15EX თავდაცვა
6 Northrop Grumman $14.8 მილიარდი ბომბდამშენი B-21 Raider თავდაცვა
7 TriWest Healthcare Alliance $13.4 მილიარდი სამხედრო პერსონალის ოჯახის წევრების ჯანდაცვა ჯანდაცვა
8 Leidos $12.6 მილიარდი სამხედრო IT და კიბერუსაფრთხოების სისტემები IT-სერვისები
9 McKesson $11.9 მილიარდი ფარმაცევტული სერვისები ჯანდაცვა
10 Huntington Ingalls Industries $11.2 მილიარდი Virginia-კლასის წყალქვეშა ნავი თავდაცვა
11 L3Harris Technologies $8.7 მილიარდი ტაქტიკური საკომუნიკაციო სისტემები თავდაცვა
12 Booz Allen Hamilton $7.8 მილიარდი კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი IT-სერვისები
13 BAE Systems $7.7 მილიარდი საბრძოლო მანქანა Bradley თავდაცვა
14 Cencora $7.4 მილიარდი ფარმაცევტული სერვისები ჯანდაცვა