გასულ წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაცია უკანასკნელი 40 წლის მაქსიმუმამდე გაიზარდა, ხოლო ბაზარზე აქციების ფასი მკვეთრად დავარდა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, აშშ-ის კორპორაციულმა მოგებამ 2022 წელს მაინც რეკორდულ დონეს მიაღწია.

Visual Capitalist-მა სექტორების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წლის ყველაზე მოგებიანი კომპანიები გამოავლინა. გამოყენებული მონაცემები 2023 წლის 31 იანვრამდე დასრულებულ ფისკალურ წელს ეყრდნობა და Fortune 500-ის კომპანიებს აერთიანებს. გამოცემის რეიტინგში აშშ-ის მასშტაბით დაფუძნებული და ფუნქციონირებადი საჯარო და კერძო კომპანიებია წარმოდგენილი.

რეიტინგის ლიდერი ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი გახდა, რომლის 2022 წლის მოგებაც თითქმის $100 მილიარდს აღწევს. შედეგად, Apple-ის გასული წლის მოგება ფინანსური და ენერგეტიკული სექტორების ლიდერების მიერ მიღებულ ჯამურ მოგებას აღემატება. ამავდროულად კი აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს Apple-ის წმინდა მოგების მარჟა თითქმის 25%-ს გაუტოლდა.

Apple-ის მთლიანი წმინდა გაყიდვების თითქმის ნახევარი iPhones-ებზე მოდის, თუმცა ბოლო პერიოდში ზრდა შედარებით კლებულობს. გასულ წელს iPhones-ის გაყიდვები მხოლოდ 7%-ით გაიზარდა, როდესაც ერთი წლით ადრე ზრდამ 39% შეადგინა. ამავდროულად კი კომპანიის სერვისების, მათ შორის Cloud-ის, AppleCare-ისა და რეკლამირების გაყიდვები, წლიურად დაახლოებით 14%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ენერგეტიკულ სექტორს, ამ შემთხვევაში 2022 წლის ყველაზე მოგებიანი კომპანიის სტატუსი Exxon Mobil-მა დაიმსახურა. კომპანიის მოგება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შედეგად ნავთობზე გაზრდილი ფასების გავლენით, 142%-ით, რეკორდულ $55 მილიარდამდე გაიზარდა. კომპანიის შემოსავლებზე პანდემიის გამო ხარჯების მკვეთრმა შემცირებამაც დადებითად იმოქმედა.

2022 წელს ფინანსურ სექტორში ყველაზე მაღალი, $37.7-მილიარდიანი მოგება, JPMorgan Chase-მა ნახა. თუმცა აქტივების მიხედვით ქვეყნის უმსხვილესი ბანკის საბანკო განყოფილებამ მკვეთრი ვარდნა განიცადა, რის შედეგადაც, მთლიანობაში JPMorgan Chase-ის მოგება წლიურად 22%-ზე მეტით შემცირდა.

გასული ოცი წლის განმავლობაში, S&P 500-ის არაფინანსური კომპანიების მოგების ზრდიდან მესამედი დაბალი გადასახადებისა და საპროცენტო განაკვეთების დამსახურებაა. ინფორმაციას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ანგარიში აქვეყნებს. ახლა კი საპროცენტო განაკვეთები იზრდება, თუმცა ჯერჯერობით აშშ-ის კორპორაციები ცვლილების მიმართ გამძლეობას ინარჩუნებენ. 2023 წლის პირველ კვარტალში, აშშ-ის კორპორაციული მოგება ზომიერად, 5%-ზე მეტით დაეცა.

აშშ-ის ყველაზე მოგებიანი კომპანიების რეიტინგი, სექტორების მიხედვით:


  1. Apple - $99.8 მილიარდი (ტექნოლოგიები)

  2. Exxon Mobil - $55.7 მილიარდი (ენერგეტიკა)

  3. JPMorgan Chase - $37.7 მილიარდი (ფინანსები)

  4. Pfizer - $31.3 მილიარდი (ჯანდაცვა)

  5. Verizon Communications - $21.3 მილიარდი (ტელეკომუნიკაციები)

  6. Home Depot - $17.1 მილიარდი (საცალო ვაჭრობა)

  7. Visa - $15 მილიარდი (ბიზნესსერვისები)

  8. Procter & Gamble - $14.7 მილიარდი (საყოფაცხოვრებო პროდუქტები)

  9. Tesla - $12.6 მილიარდი (ავტომობილები & ნაწილები)

  10. UPS - $11.5 მილიარდი (ტრანსპორტი)

  11. Coca-Cola - $9.5 მილიარდი (საკვები, სასმელი, თამბაქო)

  12. Nucor - $7.6 მილიარდი (მასალები)

  13. Deere - $7.1 მილიარდი (მრეწველობა)

  14. McDonald's - $6.2 მილიარდი (სასტუმროები, რესტორნები, დასვენება)

  15. Nike - $6 მილიარდი (ტანისამოსი)

  16. DuPont - $5.9 მილიარდი (ქიმიკატები)

  17. R. Horton - $5.9 მილიარდი (ინჟინერია & მშენებლობა)

  18. Lockheed Martin - $5.7 მილიარდი (ავიაცია & თავდაცვა)

  19. Netflix - $4.5 მილიარდი (მედია)

  20. Walgreens Boots Alliance - $4.3 მილიარდი (სურსათისა და წამლების მაღაზიები)

  21. W. Grainger - $1.5 მილიარდი (საბითუმო ვაჭრობა)