საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2023 წლის მეოთხე კვარტალის საწარმოთა საქმიანობის შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში ბიზნესის სექტორის ბრუნვის მოცულობაში ყველაზე მაღალი, 37.6%-იანი წილი, ვაჭრობის დარგს უჭირავს, მეორე ადგილზე კი, 33.2%-იანი წილით, ხელოვნება, გართობა და დასვენებაა.

საქსტატის მონაცემებით, გასული წლის მეოთხე კვარტალში პროდუქციის წარმოებაში ლიდერები ვაჭრობის, მშენებლობისა და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებია.  აღნიშნული დარგები მთლიანი პროდუქციის გამოშვების დაახლოებით 60%-ზე არიან პასუხისმგებელნი.

ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში კვლავ ვაჭრობის დარგი ლიდერობს. ბიზნესსექტორში სრული დასაქმების 27.9% სწორედ საბითუმო და საცალო ვაჭრობის დარგზე მოდის, სადაც ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტიცაა გაერთიანებული. ამ მხრივ, მეორე ადგილი დამმუშავებელი მრეწველობის დარგს, (12%), მესამე კი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სექტორს (9.4%) უკავია. საინტერესოა ისიც, რომ ბიზნესსექტორში დასაქმებულთა 8.8% მშენებლობაზე მოდის.

ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში რეგიონული განაწილების მიხედვით თბილისი ლიდერობს და დედაქალაქზე 79.7% მოდის. თბილისი ლიდერია ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რეგიონული განაწილების მიხედვითაც. დასაქმებულთა 64.5% სწორედ თბილისზე მოდის. ყველაზე დაბალი წილი კი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონებს აქვს, რომლებიც ბიზნესსექტორში  მხოლოდ 0.3% ასაქმებს.