წელიწადში ერთი მოსახლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 73-ე ადგილზეა.
ქვეყნების მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაცია (Energy Information Administration - EIA) აქვეყნებს. აღნიშნული ადმინისტრაცია სამთავრობო დაწესებულებაა და აშშ-ის ფედერალური სტატისტიკური სისტემის ნაწილია.
ელექტროენერგიის მოხმარების ბოლო მონაცემები 197 ქვეყნის 2018-2019 წლების სტატისტიკას მოიცავს. ერთ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარებით საქართველო 73-ე ადგილზე 197 ქვეყანას შორის არის. ერთ მოსახლეზე მოხმარება ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარებისა და მოსახლეობის რიცხოვნობის ფარდობაა.
EIA-ის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობამ ჯამურად 12 179 მლნ კილოვატ-საათი მოიხმარა, რაც ერთ ადამიანზე 3 371 კილოვატ-საათია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, 2019 წელს ჯამური წლიური მოხმარება 12 059 მლნ კვტ-სთ-ს უდრის, რაც ახლოსაა EIA-ის მონაცემებთან. ერთ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარებით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ბელარუსი, ბარბადოსი, ურუგვაი, ჩრდ. მაკედონია, ბუტანი და ანტიგუა და ბარბუდაა.
საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში მოხმარებული 12 059 მლნ კვ-სთ-დან 8 388 მლნ კვტ-სთ კერძო და სახელმწიფო მოხმარება იყო, 3 253 მლნკვტ-სთ მრეწველობის სექტორმა მოიხმარა და 419 მლნ კვტ-სთ - ტრანსპორტმა.
2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის შიდა წარმოება 11 857 მლნ კვტ-სთ იყო, იმპორტით 1 763 მლნ -სთ შემოვიტანეთ და ექსპორტზე 380 მლნ კვტ -სთ გავიტანეთ. საქართველოში წარმოებული 11 857 მლნ კილოვატ-საათიდან 8 932 მლნ კვტ-სთ ჰიდროელექტროსადგურებმა გამოიმუშავა, 2 840 მლნ კვტ-სთ - თბოელექტროსადგურებმა და 85 მლნ კვტ-სთ - ქარის ელექტროსადგურებმა.
ელექტროენერგიის წლიური მოხმარება საქართველოში, მლნ კილოვატ-საათი
წყარო: საქსტატი, საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი
თუ ჯამურ მონაცემებს ვნახავთ და არა ერთ მოსახლეზე, ელექტროენერგიის მოხმარებით მსოფლიოში პირველ ადგილზე ჩინეთია, რომელმაც 2019 წელს 7 500 000 მლნ კვტ-სთ მოიხმარა. შემდეგ მოდის აშშ 4 000 000 მლნ კილოვატ-საათით, ინდოეთი 1 500 000 მლნ კილოვატ-საათით და რუსეთი 965 000 მლნ კილოვატ-საათით. საქართველო წლიური მოხმარების 12 179 მლნ კილოვატ-საათით მსოფლიოში 91-ე ადგილზეა.
ქვეყნები, სადაც ერთ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარება ყველაზე მაღალია
EIA-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარება ერთ მოსახლეზე ყველაზე მაღალი ისლანდიაშია - 51 699 კვტ-სთ. ისლანდია ჩრდილოეთის მდიდარი ქვეყანაა და, შესაბამისად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც და გადახდისუნარიანობაც მაღალია. ამავე ლოგიკით არის ნორვეგია მეორე ადგილზე, სადაც ერთი მოსახლის წლიური მოხმარება 23 210 კილოვატ-საათია.
ელექტროენერგიის მოხმარების ტოპ-10-ში ჩრდილოეთის მდიდარ ქვეყნებთან ერთად ნავთობით მდიდარი სამხრეთის ქვეყნებიც ხვდებიან: ბაჰრეინი, კატარი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ნავთობით მდიდარ, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ელექტროენერგია ძალიან იაფია და, შესაბამისად, მოხმარებაც მაღალია.
საქართველოს გეოგრაფიულ მეზობლებს შორის ერთ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარება ყველაზე მაღალი რუსეთშია - 6 685 კვტ-სთ. ამ მაჩვენებლით რუსეთი მსოფლიოში 27-ე ადგილზეა. თურქეთი 77-ე ადგილზეა 3 013 კილოვატ-საათით. აზერბაიჯანი 95-ე ადგილზეა 2 024 კილოვატ-საათით და სომხეთი 97-ე ადგილზეა 1 958 კილოვატ-საათით.
ელექტროენერგიის მოხმარებით მსოფლიოში ბოლო ადგილზე ჩადია, სადაც ერთ ადამიანზე საშუალო წლიური მოხმარება 13 კილოვატ-საათია. შემდეგ მოდის გვინეა-ბისაუ 20 კილოვატ-საათით, სომალი 21 კილოვატ-საათით, ბურუნდი 29 კილოვატ-საათით და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა 30 კილოვატ-საათით.
ტოპ-10 ქვეყანა ერთ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით
|
ქვეყანა |
კვტ-სთ |
წელი |
| ისლანდია |
51 699 |
2019 |
| ნორვეგია |
23 210 |
2019 |
| ბაჰრეინი |
16 724 |
2018 |
| კატარი |
15 316 |
2018 |
| ფინეთი |
15 254 |
2019 |
| კანადა |
14 612 |
2019 |
| ქუვეითი |
14 090 |
2018 |
| შვედეთი |
13 085 |
2019 |
| არაბთა გაერთიანებული საამიროები |
12 226 |
2018 |
| აშშ |
12 154 |
2019 |

