Bloomberg Businessweek-მა ევროპის 2020-2021 წლის საუკეთესო ბიზნესსკოლები და ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო (MBA) პროგრამები წარმოადგინა.  გამოცემის რეიტინგით პირველ ადგილს, ჯამური 100 ქულით, შვეიცარიის IMD Business School-ი იკავებს.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიის ბიზნესსკოლა Bloomberg-ის რეიტინგში ზედიზედ უკვე მეორედ ლიდერობს. ავტორიტეტული გამოცემის სიის პირველ ადგილას სკოლა 2019 წელს მოხვდა, 2020-ში კი, პანდემიიდან გამომდინარე, გამოცემის გამოშვება გაუქმდა.

Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებული უნივერსიტეტების რეიტინგი ოთხ კომპონენტზე დაყრდნობთ არის შედგენილი. ესენია: კურსდამთავრებულების ანაზღაურება, სწავლება, „ნეთვორქინგი“ და მეწარმეობა. მნიშვნელოვანია, რომ საერთო შეფასებით რეიტინგის პირველ ხუთეულს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტები წარმოადგენენ. კერძოდ, გამოცემის მეორე ნომრად ესპანეთის IESE Business School-ი, მესამე ადგილზე კი იტალიის SDA Bocconi არის წარმოდგენილი. მეოთხე და მეხუთე ადგილს საფრანგეთის INSEAD-ი და დიდი ბრიტანეთის London Business School-ი იკავებენ.

რეიტინგის პირველი ათი უნივერსიტეტიდან ოთხი დიდ ბრიტანეთს ეკუთვნის, საერთო ჯამში კი რეიტინგში დიდი ბრიტანეთის ექვსი უნივერსიტეტია. ექვსი უნივერსიტეტით არის წარმოდგენილი რეიტინგში ესპანეთიც.

რაც შეეხება ცალკეული კომპონენტების მიხედვით Bloomberg-ის რეიტინგის გადანაწილებას, კომპენსაციის ინდექსით, რომელიც კურსდამთავრებულთა შემოსავლებზე დაყრდნობით ითვლება, პირველ ადგილს იტალიის SDA Bocconi იკავებს. სწავლების ხარისხით ესპანეთის IESE Business School-ი, ხოლო „ნეთვორქინგით“ საფრანგეთის INSEAD-ი ლიდერობს. მეწარმეობის ინდექსით, 2020-2021 წლების რეიტინგის ლიდერი ამ შემთხვევაში მადრიდის IE Business School-ია.

წარმოგიდგენთ, Bloomberg Businessweek-ის რეიტინგის პირველ ათ უნივერსიტეტს და სწავლის საფასურს:


  1. IMD, შვეიცარია - 90,000 შვეიცარიული ფრანკი

  2. IESE Business School, ესპანეთი - 85,084 ევრო

  3. SDA Bocconi, იტალია - 59,120 ევრო

  4. INSEAD, საფრანგეთი - 89,000 ევრო

  5. London Business School, დიდი ბრიტანეთი - 92,735 გირვანქა სტერლინგი

  6. IE, ესპანეთი - 71,000 ევრო

  7. Cambridge, დიდი ბრიტანეთი - 59,000 გირვანქა სტერლინგი

  8. Oxford, დიდი ბრიტანეთი - 63,000 გირვანქა სტერლინგი

  9. HEC Paris, საფრანგეთი - 79,600 დოლარი

  10. Manchester, დიდი ბრიტანეთი - 45,000 გირვანქა სტერლინგი