29 იანვარს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ლიპავსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.

„დღეს ჩემი წინადადებით მთავრობამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამ თანამშრომელს სანქციები დაუწესა. მიზეზი მათი პირდაპირი პასუხისმგებლობაა გასულ წელს საქართველოში საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობაზე,“ - განაცხადა მან.

ამავე შინაარსის განცხადება X-ზე ჩეხეთის ელჩმა საქართველოში, პეტრ კუბერნატმაც გაავრცელა.

ჩეხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სანქცირებულთა სიაში არიან: ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსი; ვაჟა სირაძე - საპატრულო პოლიციის უფროსი; მირზა კეზევაძე - შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.