დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული „სატარიფო ომი“, მისივე განცხადებით, აშშ-ის შიდა წარმოებისა და ეკონომიკის ზრდისკენ მიმართული ნაბიჯია. ტრამპი ყველაზე მკაცრი ჩინეთის მიმართაა, რომელიც აღნიშნული კუთხით აშშ-ის მთავარ კონკურენტად განიხილება. სავაჭრო პარტნიორებისთვის დაწესებულ საპასუხო ტარიფებზე, რომლებიც 10%-ს აღემატებოდა, მან სამთვიანი პაუზა გამოაცხადა, ამის პარალელურად კი, ჩინურ საქონელზე იმპორტის გადასახადი 145%-მდე გაზარდა.

2024 წლის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი $28.8 ტრილიონს აღწევს. მეორე ადგილზე კი სწორედ ჩინეთია, თითქმის $18.6-ტრილიონიანი მშპ-ით.

გასულ წელს ჩინეთის ეკონომიკა 5%-ით გაიზარდა, რაც ზუსტად შეესაბამება მთავრობის მიერ დასახულ მიზანს – „დაახლოებით 5%“. ეკონომიკური ზრდის ამ მაჩვენებელს ქვეყანამ აშშ-სთან გამძაფრებული სავაჭრო დაძაბულობისა და სამშენებლო სექტორში არსებული კრიზისის ფონზე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მთავრობამ 2025 წლისთვისაც იგივე – 5%-იანი ზრდის მიზანი შეინარჩუნა.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2024 წელს $18.6 ტრილიონს გაუტოლდა. რაც შეეხება სექტორულ განაწილებას, როგორც მოსალოდნელი იყო, ინდუსტრიული წარმოება კვლავ წამყვან პოზიციაზეა, ყველაზე სწრაფი ზრდა კი ტექნოლოგიების სექტორში დაფიქსირდა.

მშპ-ის განაწილება ძირითადი სექტორების მიხედვით:
სექტორი მშპ ($ ტრილიონი) მშპ-ში წილი წლიური ზრდა (%)
ინდუსტრიული წარმოება $5.6 30.1% 5.7%
საბითუმო და საცალო ვაჭრობა $1.9 10.2% 5.5%
ფინანსური სექტორი $1.4 7.3% 5.6%
სოფლის მეურნეობა, სატყეო საქმიანობა, მეცხოველეობა და მეთევზეობა $1.3 7.2% 3.7%
მშენებლობა $1.2 6.7% 3.8%
უძრავი ქონება $1.2 6.3% -1.8%
ინფორმაციული ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა და სატელეკომუნიკაციო მომსახურება $0.9 4.7% 10.9%
ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და ფოსტა $0.8 4.4% 7%
დაქირავება და ბიზნესმომსახურება $0.8 4.2% 10.4%
სასტუმრო და კვების სფერო $0.3 1.8% 6.4%
სხვა $3.2 17.2% 3.4%

როგორც ხედავთ, 2024 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი იყო ინფორმაციული ტექნოლოგიები, სადაც წლიურმა ზრდამ 10.9%-ს მიაღწია. ამ კატეგორიაში შედის სატელეკომუნიკაციო კომპანიები და ტექნოლოგიური კორპორაციები, როგორიცაა Alibaba და Tencent-ი. ასევე მაღალი ზრდა აღინიშნა დაქირავებისა და ბიზნესმომსახურების სფეროშიც – 10.4%.

მეორეს მხრივ, უძრავი ქონების სექტორმა წელი უარყოფითი შედეგით დაასრულა – -1.8%. ანალიტიკოსების დაკვირვებით, ეს, ძირითადად, სუსტი მოთხოვნით, ბაზარზე ბინების სიჭარბითა და დეველოპერების ფინანსური სირთულეებით იყო განპირობებული.