ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭოს წევრები 19-23 ივნისს საქართველოს ეწვევიან. ამის შესახებ ინფორმაცია EBRD-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დირექტორთა საბჭოს წევრები, რომლებიც წარმოადგენენ ბანკის აქციონერებს, მთავრობის, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდებიან. გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ექნებათ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში EBRD-ის მიერ დაფინანსებული რამდენიმე პროექტი მოინახულონ და თავისი ინვესტიციების გავლენა შეაფასონ.

როგორც ცნობილია, დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან:

კლარა კროლი - ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, სლოვაკეთის, ხორვატიისა და საქართველოს დირექტორი;

გერჰარდ ჰაცი - ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დირექტორი;

იან პუზატი - EBRD-ის დირექტორი საფრანგეთში;

როსმარი შლუპი - შვეიცარიის, უკრაინის, ლიხტენშტაინის, თურქმენეთის, სერბეთის, მონტენეგროსა და უზბეკეთის დირექტორი;

კეტრინ ალენი - ალტერნატიული დირექტორი ამერიკის შეერთებულ შტატებში;

მარკუს შულტე - ევროკავშირის (EU) ალტერნატიული დირექტორი;

ალფრედო პანარელა - EIB-ის ალტერნატიული დირექტორი;

იან ვილემ ვან დენ უოლ ბეიკი - ალტერნატიული დირექტორი ნიდერლანდებში, ჩინეთში, მონღოლეთში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სომხეთში;

კარინა კარაივანოვა - ალტერნატიული დირექტორი პოლონეთში, ბულგარეთსა და ალბანეთში;

კრისტინა აკესონი - ალტერნატიული დირექტორი შვედეთის, ისლანდიისა და ესტონეთის საკითხებში;

შონ ლი - ალტერნატიული დირექტორი ავსტრალიაში, კორეაში, ახალ ზელანდიასა და ეგვიპტეში.

დელეგაციას ბანკის რეგიონული დირექტორი კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენი უხელმძღვანელებს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ EBRD-მ დღემდე საქართველოში, 286 პროექტში, 5 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც კერძო სექტორში ინვესტიციები მთლიანი დაფინანსების 82%-ს შეადგენს.