საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში საქონლით საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16.8%-ით გაიზარდა და $14 მილიარდს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მაჩვენებლები. სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი $4.08 მილიარდს, ხოლო იმპორტი – $9.93 მილიარდს გაუტოლდა. შედეგად, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ - 14.4%, ხოლო იმპორტის ზრდამ 17.8% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის პირველ რვა თვეში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $5.8 მილიარდს გადააჭარბა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7%-ია.

საქართველოში როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის უმსხვილესი წილი დსთ-სა და ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. 2023 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, დსთ-ის ქვეყნებს საქართველოს მთლიან ექსპორტში - 64.3%, ხოლო იმპორტში 22.7% უკავია. ევროკავშირის ქვეყნების წილი კი ექსპორტში 12.4%-ს, ხოლო იმპორტში - 24.1%-ს შეადგენს.

2023 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი ($1.944 მლრდ), რუსეთი ($1.686 მლრდ) და აშშ ($1.240 მლრდ).

მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში, საქსტატის მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები მეზობელი სახელმწიფოები არიან: აზერბაიჯანი 13.9%-ით, სომხეთი - 13.5%-ით და რუსეთი - 11.3%-ით.

საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი კი ასევე მეზობელი სახელმწიფოა - თურქეთი, რომელიც მთლიან იმპორტში $1.644 მილიარდით, 16.6%-იან წილს იკავებს. შემდეგ მოდის რუსეთი - $1.225 მილიარდით და, შესაბამისად, 12.3%-ით და მესამე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები - 12% ($1.190 მლრდ).

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყანა:


  1. აზერბაიჯანი - $567 მლნ - 13.9%

  2. სომხეთი - $552 მლნ - 13.5%

  3. რუსეთი - $461 მლნ - 11.3%

  4. ყაზახეთი - $428 მლნ - 10.5%

  5. ყირგიზეთი - $413 მლნ - 10.1%

  6. თურქეთი - $299 მლნ - 7.3%

  7. ჩინეთი - $253 მლნ - 6.2%

  8. ბულგარეთი - $186 მლნ - 4.6%

  9. ესპანეთი - $72 მლნ - 1.8%

  10. უზბეკეთი - $69 მლნ - 1.7%


2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანა:

  1. თურქეთი - $1.644 მლრდ - 16.6%

  2. რუსეთი - $1.225 მლრდ - 12.3%

  3. აშშ - $1.190 მლრდ - 12%

  4. ჩინეთი - $842 მლნ - 8.%

  5. გერმანია - $607 მლნ - 6.1%

  6. აზერბაიჯანი - $411 მლნ - 4.1%

  7. იაპონია - $349 მლნ - 3.5%

  8. სომხეთი - $258 მლნ - 2.6%

  9. იტალია - $249 მლნ - 2.5%

  10. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $244 მლნ - 2.5%