დიზაინერ, რეჟისორ, კოლექციონერ და მოდის სამყაროს ექსპერტ ტომ ფორდს ახლა უკვე შეუძლია საკუთარ მრავალფეროვან წოდებებს მილიარდერი მეწარმეც დაამატოს.

მიმდინარე კვირას საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ კოსმეტიკის მწარმოებელი უმსხვილესი ჰოლდინგი Estée Lauder-ი კომპანია Tom Ford-ს 2.8 მილიარდ დოლარად ყიდულობს.

ამერიკელმა დიზაინერმა კომპანია Tom Ford-ი ნიუ-იორკში 2005 წელს დააფუძნა, მას შემდეგ, რაც მან მოდის სახლ Gucci-ს დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

Tom Ford-ი სამოსისა და აქსესუარების წარმოებითაა დაკავებული, თუმცა კომპანიის უმთავრეს შემოსავლის წყაროს პარფიუმერია და თავის მოვლის საშუალებები წარმოადგენს. საშუალოდ Tom Ford-ი წლიურად 650 მილიონი დოლარის შემოსავლის გამომუშავებას ახერხებს, წლიდან წლამდე კი ზრდის მდგრადი ტენდენცია ფიქსირდება.

გარიგების დასრულების შემდეგ, Estée Lauder-ი კომპანია Tom Ford-ის ახალი მფლობელი და მმართველი გახდება. ჰოლდინგის წარმომადგენლობის განმარტებით, Tom Ford-ი დამატებით ინვესტიციას და საოპერაციო კაპიტალს მიიღებს, რაც კომპანიას პროდუქციის ზრდისა და გაფართოების საშუალებას მისცემს.

Estée Lauder-ი ნიუ-იორკში 1946 წელს დაფუძნდა და ის კოსმეტიკის გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, L'Oréal-ის გვერდით. ჰოლდინგი ათამდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს, მათ შორისაა: Estée Lauder, Aramis, Clinique, Lab Series, Origins, M·A·C, La Mer, Bobbi Brown, Aveda, Jo Malone London და Darphin Paris.

ცნობისთვის, ტომ ფორდი წარმატებული რეჟისორიცაა, 2010 წელს მის მიერ გადაღებული ფილმით - A Single Man, ბრიტანელი მსახიობი კოლინ ფერთი ოსკარზე იყო ნომინირებული.