Companies Market Cap-ის მიხედვით, ევროკავშირში მოქმედი 1,755 საჯარო კომპანიის ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია 14.45 ტრილიონ დოლარს აღწევს. წარმოგიდგენთ EU-ის ტოპ-10 ყველაზე ძვირადღირებულ კომპანიას, რომელთა შეფასება 2025 წლის 11 სექტემბრის მონაცემებზეა დაფუძნებული.

ჩამონათვალში პირველ ადგილს ნიდერლანდების ქალაქ ეინდჰოვენში 1984 წელს დაფუძნებული კომპანია ASML იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $316 მილიარდს აჭარბებს. იგი მსოფლიოში რიგით 33-ე ყველაზე ძვირადღირებული საჯარო კომპანიაა. ჰოლდინგი ინტეგრირებული სქემების (ჩიპების) წარმოებისთვის გამოყენებული ფოტოლითოგრაფიული აპარატების შემუშავებასა და წარმოებაშია სპეციალიზებული.

ტოპ-10-ში მეორე პოზიციას 1972 წელს გერმანიაში დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია SAP იკავებს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $315.6 მილიარდს შეადგენს. როგორც ხედავთ, მასა და ASML-ს შორის სხვაობა საკმაოდ მცირეა და არ არის გამორიცხული, რომ ამ უკანასკნელს SAP-მა მალე ევროკავშირის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი ჩამოართვას.

სიაში მესამე ადგილს სჯერდება მოდის ინდუსტრიის გიგანტი, LVMH, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $288 მილიარდს მცირედ აჭარბებს. კომპანია, 1987 წელს, მოდის სახლ Louis Vuitton-ის (დაარსებული 1854 წელს) Moët Hennessy-ისთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. ის დღეს დაახლოებით 60 შვილობილ კომპანიას აერთიანებს. Louis Vuitton-ისა და Moët Hennessy-ის გარდა, LVMH-ის პორტფელში შედის Christian Dior Couture-ი, Givenchy, Fendi, Celine-ი, Kenzo, Tiffany, Bulgari, Loewe-ი, TAG Heuer-ი, Marc Jacobs-ი, Sephora, Loro Piana და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ტოპ-10-ში 3-3 წარმომადგენელი ჰყავს ნიდერლანდებს, საფრანგეთსა და გერმანიას, მეათე კომპანია კი დანიაშია დაფუძნებული.

ევროკავშირის ტოპ-10 კომპანია, საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით (2025 წლის 11 სექტემბერი): 
კომპანია ქვეყანა საბაზრო კაპიტალიზაცია აქციის ფასი დღიური ცვლილება
1 ASML ნიდერლანდები $316.13 მლრდ $793.14 +1.49%
2 SAP გერმანია $315.63 მლრდ $260.51 +4.04%
3 LVMH საფრანგეთი $288.04 მლრდ $572.41 +0.01%
4 Prosus ნიდერლანდები $276.00 მლრდ $63.17 +1.08%
5 Hermès საფრანგეთი $258.19 მლრდ $2,463 +0.67%
6 L'Oréal საფრანგეთი $249.64 მლრდ $451.90 +0.40%
7 Novo Nordisk დანია $244.56 მლრდ $54.37 +0.13%
8 Siemens გერმანია $209.69 მლრდ $267.74 +0.28%
9 Airbus ნიდერლანდები $177.80 მლრდ $225.83 +2.46%
10 Deutsche Telekom გერმანია $172.93 მლრდ $35.29 +0.80%
წყარო: companiesmarketcap.com