ევროპის ქვეყნებს შორის პროდუქტისა თუ მომსახურების ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსხვავება მკვეთრად შესამჩნევია მეზობელ სახელმწიფოებს შორისაც კი, მაგალითად, როგორიცაა ავსტრია-უნგრეთი ან გერმანია-პოლონეთი.

იმის გასაგებად, თუ რამდენად ძვირი ან იაფია საქონელი და მომსახურება თითოეულ ქვეყანაში, ფასების დონის ინდექსი ყველაზე კარგი საშუალებაა. ფასების დონე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან დარდება და მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გამოყენებით გამოითვლება. PPP ხელოვნური ვალუტაა, რომელიც აჩვენებს, თუ რამდენის ყიდვა შეუძლიათ ადამიანებს ერთი და იმავე რაოდენობის ფულით სხვადასხვა ქვეყანაში.

სტატიაში გამოყენებულია Eurostat-ის 2024 წლის მონაცემები. შედეგები 2000-ზე მეტი სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასებს მოიცავს. კვლევა ევროპის 36 ქვეყანაში ჩატარდა.

2024 წლის მონაცემებით, 36 ქვეყნიდან ყველაზე ძვირი შვეიცარიაა, რომლის ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 184%-ს შეადგენს - საშუალო მაჩვენებელზე 84%-ით მაღალია. ყველაზე იაფი კი თურქეთია, რომლის ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 47%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 53%-ით დაბალია. ეს შვეიცარიას თურქეთზე 3.9-ჯერ ძვირს ხდის, რაც ევროპაში ფასების დონის მკვეთრ კონტრასტს ნათელყოფს.

ევროკავშირის წევრებს შორის ყველაზე ძვირი ქვეყანა ლუქსემბურგია. იქ არსებული ფასები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე 51%-ით მაღალია. პროდუქტი და მომსახურება ყველაზე იაფი ბულგარეთსა და რუმინეთშია, ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 57%-ით.

ეს ნიშნავს, რომ ლუქსემბურგი დაახლოებით 2.7-ჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ბულგარეთი და რუმინეთი, რაც მნიშვნელოვან, თუმცა უფრო მცირე სხვაობას აჩვენებს შვეიცარიასა და თურქეთს შორის არსებულ სხვაობასთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ათ ქვეყანაში ფასები EU-ს საშუალო მაჩვენებელზე მაღალია. ლუქსემბურგს სიძვირით დანია (143%) და ირლანდია (141%) მოსდევს.

ევროკავშირის ოთხ უდიდეს ეკონომიკას შორის, გერმანიასა (109%) და საფრანგეთში (108%) ფასები EU-ს საშუალოზე ოდნავ მაღალია, ხოლო იტალიასა (98%) და ესპანეთში (91%) - ოდნავ დაბალი.


































































































































































ქვეყანა ინდექსი
შვეიცარია 184
ისლანდია 173
ლუქსემბურგი 151
დანია 143
ირლანდია 141
ნორვეგია 134
ფინეთი 127
შვედეთი 123
გაერთიანებული სამეფო (2023) 123
ნიდერლანდები 121
ავსტრია 120
ბელგია 119
გერმანია 109
საფრანგეთი 108
ევროკავშირის საშუალო 100
იტალია 98
ესტონეთი 97
კვიპროსი 95
მალტა 93
სლოვენია 91
ესპანეთი 91
პორტუგალია 85
საბერძნეთი 83
სლოვაკეთი 81
ჩეხეთი 80
ლიეტუვა 78
ლატვია 77
ხორვატია 73
პოლონეთი 70
უნგრეთი 68
ალბანეთი 63
სერბეთი 61
ბოსნია და ჰერცეგოვინა 60
მონტენეგრო 58
რუმინეთი 57
ბულგარეთი 57
ჩრდილოეთი მაკედონია 50
თურქეთი 47