მსოფლიოს უდიდესი სოციალური მედიის პლატფორმა Facebook-ი 2021 წლის პირველი კვარტალის მონაცემებს აქვეყნებს, რომელთა მიხედვითაც, კომპანიის შემოსავალი გასული თვეების განმავლობაში $26.1 მილიარდით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით 48%-ით მეტია. შედეგმა ანალიტიკოსების მოლოდინსაც გადააჭარბა - კერძოდ, $3 მილიარდით.

გარდა ამისა, Forbes-ის ინფორმაციით, მზარდია Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა, რომელიც ყოველთვიურად 50 მილიონით იზრდება. ამ ფონზე გასულ თვეში პლატფორმას რეკორდულად ბევრი - 2.85 მილიარდი - ადამიანი იყენებდა.

„ძლიერი კვარტალი გვქონდა... ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რომ დაუკავშირდნენ ერთმანეთს, ამასთან, ხელს ვუწყობთ ბიზნესის ზრდას. გავაგრძელებთ განსხვავებული გამოცდილებების დანერგვას“, - თქვა მარკ ცუკერბერგმა.

ცნობისთვის, Facebook-ის დამაარსებელი ცუკერბერგი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეხუთე ადგილზეა და $117 მილიარდს ფლობს. მან პლატფორმა 19 წლის ასაკში, 2004 წელს, ჰარვარდში სწავლისას შექმნა.