ბოლო პერიოდია, მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე მოთხოვნა სწრაფად მატულობს, რის შედეგადაც, კომპანიების მიდგომაც სასურველი ტალანტების მოსაზიდად იცვლება. FlexJobs-მა 2024 წელს დისტანციური სამუშაოებისთვის ტოპ-100 კომპანიის სია გამოაქვეყნა და ის ორგანიზაციები გამოავლინა, რომლებიც წამყვან როლს თამაშობენ დისტანციური სამუშაო გარემოს განვითარებაში და დასაქმებულებს, ციფრულ ეპოქაში, უკონკურენტო კარიერულ შესაძლებლობებს სთავაზობენ.

FlexJobs-მა ყოველწლიური ანგარიში - „დისტანციური სამუშაოებისთვის ტოპ-100 კომპანია, რომელთაც 2024 წელს თვალი უნდა ადევნოთ“ - რიგით უკვე მეთერთმეტედ გამოაქვეყნა. სია დაახლოებით 60,000 კომპანიის ანალიზზე და მათ მიერ დისტანციური სამუშაო პოზიციების გამოქვეყნების ისტორიის საფუძველზე დაყრდნობით შეიქმნა. კვლევა იმ ვაკანსიებს მოიცავს, რომლებიც FlexJobs-ის მონაცემთა ბაზაში 2023 წლის 1 იანვრიდან, 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში იყო განთავსებული. სიაში წარმოდგენილი კომპანიები, 2023 წლის განმავლობაში დისტანციურ ვაკანსიათა ყველაზე დიდი რაოდენობით გამოირჩეოდნენ.

FlexJobs-ის 2024 წლის რეიტინგის პირველი ადგილი კომპანიებს შორის Working Solutions-მა დაიკავა. ორგანიზაცია დასაქმებულებს სახლიდან მუშაობის შესაძლებლობებს სთავაზობს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მომხმარებელთა მომსახურება, კონსულტანტების დისტანციური პოზიციები, პროექტების მენეჯმენტი და გაყიდვები. მეორე და მესამე ადგილი კი, შესაბამისად, LiveOps-მა და CVS Health-მა გადაინაწილეს.

წარმოგიდგენთ ტოპ-10 კომპანიას დისტანციური სამუშაოებისთვის:


  1. Working Solutions

  2. LiveOps

  3. CVS Health

  4. Robert Half InternationalRHI

  5. Williams-Sonoma

  6. Thermo Fisher Scientific

  7. ModSquad

  8. BELAY

  9. Cactus

  10. Transcom


FlexJobs-ის მონაცემებითვე, 2023 წელს, გასულ წელთან შედარებით დისტანციური სამუშაო ვაკანსიათა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2021 წლიდან 2022 წლამდე ზრდამ 20% შეადგინა. სამუშაოების კატეგორიების მიხედვით, 2023 წელს ყველაზე სტაბილურად დისტანციურ პოზიციებს კომპანიები გაყიდვების, აი-ტის, ბუღალტერიისა და ფინანსების, ჯანდაცვისა და მომხმარებელთა მომსახურების მიმართულებით სთავაზობდნენ. ყველაზე დიდი - 39%-იანი ვარდნა დისტანციურ ვაკანსიებზე მივიღეთ HR-ისა და რეკრუტირების მიმართულებით, ასევე 2022 წელთან შედარებით, აღნიშნული მონაცემები 31%-ით შემცირდა მარკეტინგში.

2023 წელს ყველაზე მეტი დისტანციური ვაკანსია შემდეგი მიმართულებებით გამოქვეყნდა:


  1. კომპიუტერი და აი-ტი

  2. ბუღალტერია და ფინანსები

  3. მარკეტინგი

  4. მედიცინა და ჯანდაცვა

  5. პროექტების მენეჯმენტი

  6. მომხმარებელთა მომსახურება

  7. გაყიდვები

  8. ადმინისტრაციული

  9. HR და რეკრუტირება

  10. ოპერაციები


რაც შეეხება კონკრეტულ პოზიციებს, FlexJobs-ის მონაცემებით, გასული წლების მსგავსად, დისტანციური ვაკანსიების უმეტესობაში უკვე მაღალკვალიფიციურ აპლიკანტებს ეძებდნენ (64%), დამწყებთათვის კი 2023 წელს ვაკანსიების 5% იყო განკუთვნილი.

დისტანციური პოზიციების ტოპ-10:


  1. ბუღალტერი

  2. ადმინისტრაციული თანაშემწე

  3. ფინანსური ანალიტიკოსი

  4. პროდუქტების მენეჯერი

  5. მომხმარებელთა მომსახურების წარმომადგენელი

  6. პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი

  7. მომხმარებელთა კეთილდღეობის მენეჯერი

  8. მთავარი ბუღალტერი

  9. პროდუქტის დიზაინერი

  10. მწერალი