ამერიკულმა Forbes-მა აშშ-ის 400 უმდიდრესი ადამიანის სია გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ ქალები Forbes 400-ის მხოლოდ 15%-ს შეადგენენ. გასული წლის შემდეგ სიაში მათი რაოდენობა გაზრდილია, თუმცა უმნიშვნელოდ.

რეიტინგში საერთო ჯამში 60 ქალია წარმოდგენილი, რომელთა ქონების ჯამური ღირებულებაც 621 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. შედარებისთვის, გასულ წელს Forbes 400-ში 58 ქალი მოხვდა, რომელთა ქონების საერთო ღირებულებამაც 535 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

Forbes-ის თანახმად, აშშ-ის უმდიდრესი ქალი Walmart-ის მემკვიდრე ელის უოლტონია, რომელმაც შარშანდელ სიაში პირველობის ჯულია კოხისთვის დათმობის შემდეგ, წელს ლიდერობა კვლავ დაიბრუნა. შეგახსენებთ, ჯულია კოხმა, რომელიც Forbes 400-ის 2023 წლის სიაში მეორე ადგილს იკავებს, 2019 წელს გარდაცვლილი მეუღლისგან, დევიდ კოხისგან კონგლომერატ Koch Industries-ში 42%-იანი წილი მიიღო. 2022 წლის შემდეგ მის ქონებას $3.8 მილიარდი შეემატა და სიის შედგენისას, Forbes-ის შეფასებით, $59.8 მილიარდს მიაღწია.

რაც შეეხება ელის უოლტონს, რომელიც 2022 წლამდე შვიდი წლის განმავლობაში ქვეყნის უმდიდრესი ქალის სტატუსს ინარჩუნებდა, მან შარშანდელ ქონებას 10.8 მილიარდი აშშ დოლარი დაუმატა, Walmart-ის აქციების ფასის 26%-იანი ზრდის წყალობით. Forbes 400-ის სიის შედგენისას მისმა ქონებამ $66.5 მილიარდს მიაღწია.

Forbes 400-ის სიაში ქალთა შორის მესამე ადგილზე ჟაკლინ მარსია, 38.9 მილიარდ აშშ დოლარად შეფასებული ქონებით. მან სიმდიდრე Mars, Inc.-ში მემკვიდრეობით მიღებული კომპანიის მესამედი წილის წყალობით დააგროვა. ცნობისთვის, კომპანია აერთიანებს ტკბილეულისა და შინაური ცხოველების მოვლის ბრენდებს: M&M's-ს, Snickers-სა და Iams-ს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის Forbes 400-ს სამი ქალი შეუერთდა: ელისაბეთ დელუკა, ანეტ ლერნერი და ერენ ოზმენი. ელისაბეთ დელუკამ, რომელიც $8.2 მილიარდს ფლობს, სიმდიდრე Subway-ის 50%-ის მიღების შემდეგ დააგროვა. მან წილი კომპანიის თანადამფუძნებლის, ფრედ დელუკას გარდაცვალების შემდეგ მიიღო, რომელიც მისი მეუღლე იყო.

გარდაცვლილი ქმრისგან, ტედ ლენერისგან მემკვიდრეობით მიიღო ქონება ანეტ ლერნერმა, რომელიც $6.5 მილიარდის მფლობელია. ტედი, რომელიც თებერვალში გარდაიცვალა, უძრავი ქონების მაგნატი და ბეისბოლის გუნდ Washington Nationals-ის მფლობელი გახლდათ.

რაც შეეხება ერენ ოზმენს, მან ქონება მეუღლესთან, ფატიჰთან (ასევე Forbes 400-ის ახალი წევრი) ერთად კოსმოსური კომპანია Sierra Space-ის დაფუძნების წყალობით დააგროვა. ერენი ერთ-ერთია იმ 12 თვითშემდგარი მილიარდერი ქალიდან, რომელიც Forbes 400-ის 2023 წლის სიაში მოხვდა. ცნობისთვის, თვითშემდგარ უმდიდრეს ქალად კვლავ რჩება დაიან ჰენდრიქსი, კომპანია ABC Supply-ის მფლობელი, რომლის ქონებაც $19.3 მილიარდს შეადგენს.

10 უმდიდრესი ქალი 2023 წლის Forbes 400-ში:


  1. მელინდა ფრენჩ გეიტსი


ქონება: $10.3 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Microsoft


  1. კრისტი უოლტონი


ქონება: $11.8 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Walmart


  1. ლორენს პაუელ ჯობსი


ქონება: $13.4 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Apple, Disney


  1. დაიან ჰენდრიკსი


ქონება: $19.3 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: ABC Supply (სამშენებლო მასალები)


  1. აბიგაილ ჯონსონი


ქონება: $25.5 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Fidelity


  1. მირიამ ადელსონი


ქონება: $32.8 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: კაზინოები


  1. მაქკენზი სკოტი


ქონება: $37.1 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Amazon


  1. ჟაკლინ მარსი


ქონება: $38.9 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, შინაური ცხოველების საკვები


  1. ჯულია კოხი (Julia Koch & Family)


ქონება: $59.8 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Koch Industries


  1. ელის უოლტონი


ქონება: $66.4 მილიარდი

სიმდიდრის წყარო: Walmart