Forbes-მა ამერიკის შეერთებული შტატების 400 უმდიდრესი ადამიანის 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მიმდინარე წლის რეიტინგში შემავალი პირების კოლექტიური ქონება გასულ წელთან შედარებით თითქმის 1 ტრილიონი დოლარითაა გაზრდილი და $5.4 ტრილიონს აღწევს. გაზრდილია სიაში მოსახვედრად საჭირო ქონების მინიმალური ზღვარიც - 2023 წლის $2.9 მილიარდიდან $3.3 მილიარდამდე.

წელს Forbes 400-ის რეიტინგის 17%-ს ქალები შეადგენენ. სიაში მათი პროცენტული წილი, გასულ წელთან შედარებით, მხოლოდ 2%-ით, 2023 წლის ანგარიშთან შედარებით კი - 3%-ითაა გაზრდილი. რეიტინგში შემავალი 67 ქალის კოლექტიური ქონება $839 მილიარდს აღწევს, განსხვავებით ერთი წლის წინანდელი $621 მილიარდისგან, რომელსაც ჯამში 60 ქალი ფლობდა. წლევანდელ სიაში მოსახვედრად აშშ-ის უმდიდრეს ადამიანებს წელს, სულ მცირე, $3.3 მილიარდის ქონება სჭირდებოდათ.

აშშ-ში უმდიდრესი ქალის ტიტულს ელის უოლტონი ინარჩუნებს. უოლტონის სიმდიდრის უდიდესი ნაწილი, მისი ბაბუის მიერ დაარსებულ საცალო ვაჭრობის გიგანტ Walmart-ის აქციებზე მოდის. $89.2 მილიარდის ღირებულების ქონებით, უოლტონი აშშ-ის რიგით მე-15 უმდიდრესი ადამიანია. უოლტონის ქონების ზრდაზე გავლენა სწორედ Walmart-ის აქციებმა მოახდინა. ამერიკული საცალო ვაჭრობის გიგანტის აქციების ღირებულება, გასულ წელთან შედარებით, 47%-ითაა გაზრდილი.

უოლტონის მსგავსად, წლევანდელ რეიტინგში შემავალი ქალების უმრავლესობას - ჯამში 54 ქალი - ქონება მემკვიდრეობით აქვს მიღებული. მაშინ როდესაც მამაკაცთა შემთხვევაში თვითშემდგარ მილიარდერთა წილი 67%-ს აღწევს, ქალებში ეს მაჩვენებელი 20%-ზე ნაკლებია.

აშშ-ის უმდიდრესი თვითშემდგარი ქალი მილიარდერი დაიან ჰენდრიკსია - ABC Supply-ის თანადამფუძნებელი. ჰენდრიკსის ქონება $21.9 მილიარდს შეადგენს. მასთან ერთად თვითშემდგარი მილიარდერი ქალების სიაში ვხვდებით სამედიცინო აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის ფირმა Epic Systems-ის დამფუძნებელ ჯუდი ფოლკნერს ($7.7 მილიარდი), eBay-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ მეგ უიტმენს ($3.3 მილიარდი) და სხვებს.

Forbes 400-ში შემავალი უმდიდრესი ქალები 13 განსხვავებული ინდუსტრიის წარმომადგენლები არიან. ყველაზე გავრცელებული სექტორი საკვები & სასმელებია - 22%. მას მოჰყვება ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლები, 13%-იანი წილით და მოდა & საცალო გაყიდვები - 10%.

აშშ-ის უმდიდრესი ქალების ათეული:


  1. ელის უოლტონი - ქონება: $89.2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Walmart

  2. ჯულია კოხი - ქონება: $74.2 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Koch Industries

  3. ჟაკლინ მარსი - ქონება: $47.6 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: ტკბილეული, შინაური ცხოველების საკვები

  4. მაქკენზი სკოტი - ქონება: $33.3 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Amazon

  5. ლინდა სტეფენს გრეტი - ქონება: 32.3 მილიარდი | ნავთობი და ბუნებრივი აირი

  6. აბიგაილ ჯონსონი - ქონება: $31.3 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Fidelity

  7. მერილინ საიმონსი - ქონება: $31 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: ჰეჯ-ფონდი

  8. მირიამ ადელსონი - ქონება: $29.8 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: კაზინოები

  9. მელინდა ფრენჩ გეიტსი - ქონება: $29 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Microsoft

  10. ელაინ მარშალი - ქონება: $28.3 მილიარდი | სიმდიდრის წყარო: Koch, Inc