ფოტო: Nathan Laine/Bloomberg
77 წლის ფრანგი მილიარდერი, თავისი ოჯახის საკუთრებაში არსებული ჰოლდინგის მეშვეობით, საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „პარიზს“ მართავს. არნოების ჰოლდინგმა კლუბის აქციების საკონტროლო პაკეტი (სავარაუდო ღირებულებით $100 მილიონი) 2024 წელს შეიძინა. შედეგად, „პარიზი“ არნოს ამჟამინდელი ქონების, $171 მილიარდის, მხოლოდ 0.06%-ს შეადგენს, ხოლო ფრანგის სიმდიდრის უმეტესი ნაწილი კონგლომერატზე მოდის. დამატებით კი, LVMH-ს 10-წლიანი სასპონსორო ხელშეკრულება აკავშირებს Formula 1-თან, რომელიც 2024 წელს გაფორმდა $1-მილიარდიანი ღირებულებით.
არნო დაახლოებით $45 მილიარდით უსწრებს „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მფლობელსა და Microsoft-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, სტივ ბალმერს. ეს უკანასკნელი მსოფლიოს სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელების რეიტინგს ზედიზედ ორი წელი ლიდერობდა, თუმცა ამჟამად $126 მილიარდით მესამე პოზიციაზეა წარმოდგენილი. მიუხედავად ამისა, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, Microsoft-ის სტაბილური შედეგების გავლენით, ბალმერის ქონება $118 მილიარდიდან დაახლოებით 7%-ითაა გაზრდილი. რეიტინგში ბალმერს „დენვერ ბრონკოსის“ მფლობელი რობ უოლტონი უსწრებს. Walmart-ის მემკვიდრის ქონება, გასული წლის $110 მილიარდთან შედარებით, 33%-ითაა გაზრდილი და $146 მილიარდს აღწევს.
ცნობისთვის, 2026 წლის რეიტინგში შემავალი 25 სპორტული გუნდის მფლობელთა კოლექტიური ქონება $903 მილიარდს შეადგენს — ეს დაახლოებით 49%-ით მეტია გასული წლის $607 მილიარდთან შედარებით. ამასთან ერთად კი, რეიტინგის ისტორიაში პირველად, მათგან 25-ვეს ქონება $10 მილიარდს აჭარბებს. ქვედა ზღვარი „ატლანტა ფალკონსის“ მფლობელმა, არტურ ბლანკმა დააწესა, რომლის ქონების წმინდა ღირებულებაც $11.1 მილიარდს შეადგენს.
2026 წლის რეიტინგში მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ლიგის, NFL-ის გუნდების რვა მფლობელი მოხვდა, NBA-ის ჩემპიონატიდან — შვიდი, ხოლო MLS-ის გუნდებიდან —ასევე შვიდი მფლობელითაა წარმოდგენილი. ყველაზე პოპულარული სპორტი ფეხბურთია, რომელიც რეიტინგში შვიდი ლიგიდან ჯამში 13 მფლობელის პორტფელის ნაწილია.
Forbes-ის 2026 წლის სიაში არნოს გარდა სამი ახალწვეულიც გვხვდება: აზიელი მილიარდერი ბუდი ჰარტონო, რომელიც ძმასთან, მაიკლთან ერთად იტალიურ საფეხბურთო კლუბ „კომო 1907“-ს ფლობს; პიტერ მალუკი, MLS-ის Sporting Kansas City-ის ახალი მფლობელი; და დენ ფრიდკინი, რომელიც 2020 წლიდან იტალიური საფეხბურთო კლუბ „რომას“ მესაკუთრეა.
სპორტული გუნდების უმდიდრესი მფლობელები
#1 ბერნარ არნო
ქონება: $171 მლრდ
წყარო: LVMH
კლუბი: Paris F.C.
მოქალაქეობა: საფრანგეთი

#2 რობ უოლტონი ქონება: $146 მლრდ წყარო: Walmart კლუბი: Denver Broncos მოქალაქეობა: აშშ

#3 სტივ ბალმერი ქონება: $126 მლრდ წყარო: Microsoft კლუბი: Los Angeles Clippers მოქალაქეობა: აშშ

#4 მირიამ ადელსონი ქონება: $37.5 მლრდ წყარო: კაზინოები კლუბი: Dallas Mavericks მოქალაქეობა: აშშ

#5 იდენ ოფერი ქონება: $34.6 მლრდ წყარო: გადაზიდვები კლუბი: FC Famaličao მოქალაქეობა: ისრაელი

#6 რობერტ პერა ქონება: $31.7 მლრდ წყარო: Ubiquiti Networks კლუბი: Memphis Grizzlies მოქალაქეობა: აშშ

#7 ჰენრი სამუელი ქონება: $30.8 მლრდ წყარო: ნახევარგამტარები კლუბი: Anaheim Ducks მოქალაქეობა: აშშ

#8 ფრანსუა-ანრი პინო ქონება: $29.5 მლრდ წყარო: Kering კლუბი: Stade Rennais FC მოქალაქეობა: საფრანგეთი

#9 დანიელ გილბერტი ქონება: $27.9 მლრდ წყარო: Rocket Mortgage კლუბი: Cleveland Cavaliers მოქალაქეობა: აშშ

#10 დევიდ ტეპერი ქონება: $23.7 მლრდ წყარო: ჰეჯ-ფონდები კლუბი: Carolina Panthers, Charlotte FC მოქალაქეობა: აშშ
