როგორც ირკვევა, გერმანია რუსული ნავთობის იმპორტზე უარს წლის ბოლომდე იტყვის, მიუხედავად იმისა, შეთანხმდება თუ არა ნავთობთან დაკავშირებულ სანქციებზე ევროკავშირი, - ამის შესახებ Bloomberg-ი გერმანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოლაპარაკებები, რომლებსაც გერმანია ნავთობის იმპორტთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებთან აწარმოებს, წარმატებულად მიმდინარეობს - დარჩენილი ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებას კი, გერმანიის ხელისუფლება მომავალ ექვს-შვიდ თვეში გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გერმანიამ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება 35%-დან 12%-მდე უკვე შეამცირა. ამ ეტაპზე, ყველაზე დიდ ლოგისტიკურ პრობლემას აღმოსავლეთ გერმანიაში მდებარე ნავთობსაცავის მარაგის შევსება წარმოადგენს. ეს ის საცავია, რომელიც რუსულ ნავთობზე ყველაზე მეტადაა დამოკიდებული - ის „როსნეფტის“ ნავთობით, „დრუჟბის“ მილსადენის გავლით მარაგდება.