გერმანია უკრაინას 2029 წლამდე 11 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა X-ზე დაწერა.

„მადლობელი ვარ გერმანელი ხალხისა და მთავრობის, განსაკუთრებით ჩემი კოლეგა მინისტრ პისტორიუსის დღევანდელი განცხადებისთვის, რომ 2029 წლამდე უკრაინისთვის, შემდგომი სამხედრო მხარდაჭერისთვის, 11 მილიარდი ევრო გამოიყოფა“, - აცხადებს უმეროვი.

უმეროვმა 2025 წელს გერმანიის მიერ დაგეგმილი სამხედრო დახმარების პაკეტზეც გაამახვილა ყურადღება. გავრცელებული ინფორმაციით, მასში შედის:


  • IRIS-T-ის ტიპის 4 საზენიტო-სარაკეტო ბატარეა და 300 საზენიტო რაკეტა;

  • Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის 30 საზენიტო რაკეტა;

  • Leopard-1A5-ის ტიპის 15 ტანკი;

  • Marder-ის ტიპის 25 ქვეითთა საბრძოლო მანქანა;

  • 100 ათას ერთეულ საარტილერიო ჭურვი;

  • 120 გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი;

  • 300 სადაზვერვო დრონი;

  • 100 რადიოლოკაციური სადგური;

  • 14 საარტილერიო სისტემა.


გერმანია ევროპაში უკრაინის ერთ-ერთ მთავარ სამხედრო დონორად რჩება. 19 მარტს გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ 2025 წლისთვის უკვე გამოყოფილ 4 მილიარდი ევროს კიდევ 3 მილიარდი ევრო  დაემატება.