კოსმეტიკის ინდუსტრიის გარდაცვლილი მილიარდერის, ლეონარდ ლაუდერის ხელოვნების ნიმუშების კოლექცია აუქციონზე გაიყიდება. კოლექცია, რომელსაც Sotheby's-ის აუქციონის სახლი წარადგენს, 50-ზე მეტ ხელოვნების ნიმუშს, მათ შორის გუსტავ კლიმტის, ედვარდ მუნკის, ანრი მატისისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრებს აერთიანებს.

Sotheby's-ის პროგნოზით, ლაუდერის ხელოვნების ნიმუშების კოლექციის შეფასება აუქციონზე $500 მილიონს მიაღწევს. ლოტებს შორისაა ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის სამი ნამუშევარი, რომლებიც ამ დრომდე გასაყიდად არასდროს გამოუტანიათ. მხოლოდ მათ სავარაუდო ღირებულებად Sotheby's-ი $300 მილიონს განიხილავს.

ლაუდერის კოლექციაში ასევე შედის ფრანგი მხატვრისა და მოქანდაკის, ანრი მატისის ექვსი ქანდაკება, რომელთა ჯამური ღირებულება, Sotheby's-ის შეფასებით, სულ მცირე $40 მილიონია. მათ შორისაა მისი ერთი, ყველაზე მასშტაბური ქმნილება, Figure décorative, რომლის ფასმაც არსებული პროგნოზებით $12-18 მილიონს უნდა მიაღწიოს. გასაყიდად გამოტანილია ედვარდ მუნკის „ზაფხულის ღამის“ ერთ-ერთი ტილო, ვინსენტ ვან გოგის კალმით, მელნითა და ფანქრით შესრულებული ნამუშევარი, აგნეს მარტინისა და პაბლო პიკასოს 2-2 ნამუშევარი.

ცნობისთვის, კოსმეტიკის მწარმოებელი ჰოლდინგის, Estée Lauder-ის დამფუძნებლების, ესტე ლაუდერისა და ჯოზეფ ლაუდერის ვაჟი, ლეონარდ ლაუდერი 2025 წლის 14 ივნისს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ის კომპანიის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. Forbes-ის ბოლოს შეფასებით, ლაუდერის ქონება $10.1 მილიარდს შეადგენდა.

წარმოგიდგენთ ლეონარდ ლაუდერის კოლექციის ყველაზე ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშებს:


  1. გუსტავ კლიმტის „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი“ - დაახლ. $150 მილიონი

  2. გუსტავ კლიმტის „ბლუმენვიზე“ („აყვავებული მდელო“) - დაახლ. $80 მილიონი

  3. გუსტავ კლიმტის Waldabhang bei Unterach am Attersee („ტყის ფერდობიუნტერახში ატერზეეზე“) - დაახლ. $70 მილიონი

  4. ედვარდ მუნკის Sankthansnatt („შუა ზაფხულის ღამე“) - ესტიმეიტი - 20-დან 30 მილიონ დოლარამდე

  5. ანრი მატისის Figure décorative („დეკორატიული ფიგურა“) - დაახლ. $12-დან $18 მილიონამდე

  6. აგნეს მარტინის „ბაღი“ - დაახლ. $10-დან $15 მილიონამდე

  7. ანრი მატისის La Serpentine - დაახლ. $9-დან $12 მილიონამდე

  8. ვინსენტ ვან გოგის Le Semeur dans un champ de blé au soleil couchant - დაახლ. $8-დან $10 მილიონამდე

  9. ანრი მატისის Nu couché I („აურორა“) - დაახლ. 8-დან 10 მილიონ დოლარამდე

  10. ერნსტ ლუდვიგ კირხნერის Fränzi mit Pfeilbogen („ფრანცი მშვილდ-ისრით“) - დაახლ. $2.5-დან $3.5 მილიონამდე