ფოტო: Getty Images

 

Transfermarkt-მა ფეხბურთელების სატრანსფერო შეფასებები განაახლა. ცვლილებები განსაკუთრებით „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშეებს შეეხო, რომლებმაც წარმატებული სეზონის შემდეგ საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად გაზარდეს. მათ შორისაა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ბოლო განახლების შემდეგ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ-10-ში შევიდა.

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელების საბაზრო ფასის მატება სხვადასხვა ტურნირზე კლუბის წარმატებასა და მოთამაშეების ინდივიდუალურ შედეგებს უკავშირდება. „პსჟ“-მ, 30 მაისს, UEFA-ს „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალში „არსენალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. მანამდე პარიზელები საფრანგეთის „ლიგა 1“-ის თასს დაეუფლნენ.

UEFA-მ 2025/26 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. მან ამ სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ოთხჯერ გახდა. ის სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

საფრანგეთის „ლიგა 1“-სა და „ჩემპიონთა ლიგაზე“ წარმატებული გამოსვლის შემდეგ Transfermarkt-მა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროთი, 90-დან 140 მილიონ ევრომდე გაზარდა. შედეგად, 25 წლის ქართველი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ-10-ში შევიდა. 

კვარაცხელიასთან ერთად გაიზარდა მისი თანაგუნდელების ღირებულებაც. მათ შორის, ვიტინიასა და ჟოაუ ნევეშის სატრანსფერო ფასმა ასევე 140 მილიონ ევროს მიაღწია. შესაბამისად, ისინი ხვიჩასთან ერთად Transfermarkt-ის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების ტოპ-ათეულში არიან. 

მოცემული დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის სტატუსს სამი სპორტსმენი ინაწილებს - ლამინ იამალი, რომელიც კატალონიურ ბარსელონაში ირიცხება; ერლინგ ჰაალანდი, რომელიც ინგლისური მანჩესტერ სიტის ღირსებას იცავს; და კილიან მბაპე, რომელიც მადრიდის რეალში თამაშობს. სამივე მათგანის სატრანსფერო შეფასება 200 მილიონ ევროს უტოლდება.

საბაზრო ღირებულებით მეორე ადგილს ასევე სამი ფეხბურთელი იყოფს: პედრი ბარსელონიდან, მაიკლ ოლისე „ბაიერნიდან და ვინისიუს ჯუნიორი „რეალიდან. მათი საბაზრო ღირებულება 150 მილიონ ევროს შეადგენს.

ათეულში დარჩენილი ოთხი ფეხბურთელის შეფასება კი 140 მილიონი ევროა. „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებთან ერთად, რომლებზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, ამ ნიშნულს უტოლდება „მადრიდის რეალის“ შემტევის, ჯუდ ბელინგემის საბაზრო ღირებულებაც.

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, Transfermarkt-ის მიხედვით: 






























































































ფეხბურთელი კლუბი პოზიცია ასაკი საბაზრო ღირებულება
1 ლამინ იამალი ბარსელონა მარჯვენა გარემარბი 18 €200 მილიონი
2 ერლინგ ჰაალანდი მანჩესტერ სიტი ცენტრალური თავდამსხმელი 25 €200 მილიონი
3 კილიან მბაპე მადრიდის რეალი ცენტრალური თავდამსხმელი 27 €200 მილიონი
4 პედრი ბარსელონა ცენტრალური ნახევარმცველი 23 €150 მილიონი
5 მაიკლ ოლისე ბაიერნი მარჯვენა გარემარბი 24 €150 მილიონი
6 ვინისიუს ჟუნიორი მადრიდის რეალი მარცხენა გარემარბი 25 €150 მილიონი
7 ჟოაუ ნევეში პარი სენ-ჟერმენი ცენტრალური ნახევარმცველი 21 €140 მილიონი
8 ჯუდ ბელინგემი მადრიდის რეალი შემტევი ნახევარმცველი 22 €140 მილიონი
9 ხვიჩა კვარაცხელია პარი სენ-ჟერმენი მარცხენა გარემარბი 25 €140 მილიონი
10 ვიტინია პარი სენ-ჟერმენი საყრდენი ნახევარმცველი 26 €140 მილიონი