ნოემბრის შუა რიცხვებში, საძიებო ქსელის ამერიკული გიგანტის, Google-ის მიერ, AI-მოდელის ბოლო განახლების, Gemini 3-ის გაშვებამ Alphabet-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $4-ტრილიონიან ნიშნულს მიუახლოვა. შედეგად, კომპანიის დამფუძნებელი ლარი პეიჯი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი პირველად გახდა. ბიზნესმენის ქონებამ პირველი დეკემბრის მონაცემებით $262 მილიარდი შეადგინა, რაც ნოემბრის დასაწყისთან შედარებით, $30 მილიარდით მეტია.

რაც შეეხება Google-ის თანადამფუძნებელს, სერგეი ბრინს, მისი ქონება $27 მილიარდით გაიზარდა და $242 მილიარდს მიაღწია. შედეგად ბრინი, ამერიკული Forbes-ის რეიტინგში, ერთი პოზიციით მეხუთე ადგილამდე დაწინაურდა. პარალელურად კი, Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე უორენ ბაფეტი, რომლის კონგლომერატმაც Alphabet-ში $5 მილიარდის ღირებულების აქციები შეისყიდა, $152 მილიარდით კვლავ ათეულში დაბრუნდა. სიაში მან Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი ჩაანაცვლა, რომელმაც რეიტინგში $149 მილიარდით მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა.

პეიჯმა, რომელიც პირველი ნოემბრის მონაცემებით მე-4 ადგილზე იყო, Oracle-ის დამფუძნებელ ლარი ელისონსა და Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს გადაუსწრო. Forbes-ის დეკემბრის განახლებულ რეიტინგში თითო პოზიციით დაქვეითებულმა ორივე მილიარდერმა მე-3 და მე-4 ადგილზე გადაინაცვლა. გასულ ერთ თვეში ყველაზე დიდი დანაკარგი სწორედ ელისონმა განიცადა, რომელმაც $67 მილიარდი დაკარგა. მისი ქონების კლება Oracle-ს აქციების ღირებულების 23%-იან ვარდნას მოჰყვა. დანაკარგებით მეორე ადგილზეა Nvidia-ს დამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი. თუმცა მან, Nvidia-ს აქციების ფასის 13%-ით ვარდნის მიუხედავად, $154 მილიარდით მერვე ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი კვლავ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ღირებულება 13%-ით დაეცა და ამას მასკის ქონების $15 მილიარდით შემცირება მოჰყვა, ის კვლავ Forbes-ის უმდიდრესთა რეიტინგის სათავეშია.

ცნობისთვის, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს 2024 წლის მაისიდან ინარჩუნებს. ათეულის ერთადერთი არაამერიკელი წევრი კვლავ LVMH-ის თავმჯდომარე, ფრანგი ბერნარ არნოა. საერთო ჯამში მსოფლიოს მილიარდერთა ტოპ-10-ის კოლექტიური ქონება $2.4 ტრილიონია, რაც გასული თვის ანალოგიურია. პირველი დეკემბრის მდგომარეობით, Forbes-ის ათეულში კვლავ ყველა მამაკაცია. თითოეული მათგანის ქონება $152 მილიარდს აღემატება.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი 2025 წლის 1-ელი დეკემბრის მდგომარეობით

#1 ილონ მასკი
ქონება: $483 მლრდ
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 54
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

Andrew Harnik/Getty Images

#2 ლარი პეიჯი ქონება: $262 მლრდ წყარო: Google ასაკი: 52 საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

Photo: Shutterstock

#3 ლარი ელისონი ქონება: $253 მლრდ წყარო: Oracle ასაკი: 81 საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

Phillip Faraone—Getty Images

#4 ჯეფ ბეზოსი ქონება: $245 მლრდ წყარო: Amazon ასაკი: 61 საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა მოქალაქეობა: აშშ

Joe Klamar / AFP – Getty Images

#5 სერგეი ბრინი ქონება: $242 მლრდ წყარო: Google ასაკი: 52 საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

Getty Images

#6 მარკ ცუკერბერგი ქონება: $222 მლრდ წყარო: Meta (Facebook) ასაკი: 41 საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

AFP via Getty Images

#7 ბერნარ არნო ქონება: $190 მლრდ წყარო: LVMH ასაკი: 76 საცხოვრებელი ადგილი: პარიზი მოქალაქეობა: საფრანგეთი

AFP via Getty Images

#8 ჯენსენ ჰუანგი  ქონება: $154 მლრდ წყარო: Nvidia ასაკი: 62 საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

Chesnot—Getty Images

#9 მაიკლ დელი ქონება: $151 მლრდ წყარო: Dell Technologies ასაკი: 60 საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი მოქალაქეობა: აშშ

REUTERS/Evelyn Hockstein

#10 უორენ ბაფეტი ქონება: $151.9 მლრდ წყარო: Berkshire Hathaway ასაკი: 95 საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა მოქალაქეობა: აშშ

Gerald Miller | CNBC