გასული თვის განმავლობაში, როდესაც ახალი წლის დადგომამდე საჯარო კომპანიების აქციების ფასი დაეცა, Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანიდან ექვსის ქონება შემცირდა. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო ილონ მასკი, რომლის სიმდიდრეც იმავე პერიოდში $244 მილიარდით გაიზარდა და $726 მილიარდს მიაღწია. შედეგად, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ამჟამად თითქმის სამჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე სიაში მეორე ადგილის მფლობელი, Google-ის თანადამფუძნებელი ლარი პეიჯი.
მასკმა 2025 წელიც მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსით დაიწყო. თუმცა მაშინ Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება $421 მილიარდად იყო შეფასებული, რაც, მიმდინარე წლის პირველი იანვრის მონაცემებით, $300 მილიარდზე მეტითაა გაზრდილი. ოქტომბრის თვეში მასკი პირველი ადამიანი გახდა, რომლის სიმდიდრემაც $500 მილიარდს გადააჭარბა, შემდეგ, 15 დეკემბერს, $600 მილიარდს და 19 დეკემბერს – $700 მილიარდს. მასკის ქონების მკვეთრი ზრდა უმეტესად მის მიერ დაარსებულ ავიაკოსმოსურ კომპანია SpaceX-ს და დელავერის სასამართლოს მიერ Tesla-ს აქციების გაუქმებული ოფციონების აღდგენას უკავშირდებოდა.
ამასობაში, ამერიკული Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეორე ადგილი Google-ის თანადამფუძნებელმა ლარი პეიჯმა დაიკავა, რომელმაც ამავდროულად გასული თვის ტოპ-10-ს შორის მესამე ყველაზე დიდი დანაკარგი დააფიქსირა. პეიჯის სიმდიდრის შემცირება Google-ის მფლობელი კომპანიის, Alphabet-ის აქციების ღირებულების 2%-ით ვარდნასა და S&P 500-ისა (-0.7%) Nasdaq-ის (-0.8%) საფონდო ბირჟების დაცემას უკავშირდებოდა. შედეგად, Google-ის თანადამფუძნებლების, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის ქონების ღირებულება, შესაბამისად, $5 მილიარდითა და $6 მილიარდით შემცირდა და ახლა, $257 მილიარდსა და $237 მილიარდს შეადგენს.
პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული გიგანტის, Oracle-ის აქციების ფასის 3%-ით ვარდნის შედეგად, დაახლოებით $8 მილიარდით, $245 მილიარდამდე დაეცა ლარი ელისონის სიმდიდრეც. ვარდნის მიუხედავად, Forbes-ის რეიტინგში Oracle-ის დამფუძნებელმა მესამე პოზიციის შენარჩუნება მოახერხა. მას ათეულში კვლავ ჯეფ ბეზოსი მოსდევს, ხოლო ხუთეულს კვლავ სერგეი ბრინი ასრულებს.
გასული თვის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულიდან, სიაში ადგილის შენარჩუნება მხოლოდ Dell Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ დელმა ვერ შეძლო. დელის ქონება, ერთი თვის ინტერვალით, $13 მილიარდით, $139 მილიარდამდე შემცირდა და შედეგად, მან Forbes-ის რეიტინგში მე-9-დან მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლა. მილიარდერის სიმდიდრის შემცირება Dell Technologies-ისა და Broadcom-ის აქციების ღირებულების შესაბამისად, 6%-ითა და 14%-ით ვარდნას მოჰყვა. შედეგად, დელმა ათეულში ადგილი Microsoft-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორ სტივ ბალმერს დაუთმო, რომელიც $2 მილიარდის დაკარგვის მიუხედავად, მე-11-დან მე-10 ადგილზე გადავიდა.
ცნობისთვის, გასულ თვეში ყველაზე დიდი მოგება ნახევარგამტარების უმსხვილესი მწარმოებლის, Nvidia-ს დამფუძნებელმა, ჯენსენ ჰუანგმა მიიღო. Nvidia-ს აქციების ღირებულების 5%-ით გაზრდის შედეგად, ჰუანგი $8 მილიარდით გამდიდრდა და განახლებულ რეიტინგში $162 მილიარდის ქონებითაა წარმოდგენილი.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსს 2024 წლის მაისიდან ინარჩუნებს. ათეულის ერთადერთი არაამერიკელი წევრი კვლავ LVMH-ის თავმჯდომარე, ფრანგი ბერნარ არნოა. საერთო ჯამში მსოფლიოს მილიარდერთა ტოპ-10-ის კოლექტიური ქონება, 2026 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, $2.6 ტრილიონია, რაც გასულ თვესთან შედარებით $200 მილიარდით მეტია. პირველი იანვრის მდგომარეობით, Forbes-ის ათეულში კვლავ ყველა მამაკაცია. თითოეული მათგანის ქონება $147 მილიარდს უტოლდება ან აღემატება.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი 2026 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით:
#1 ილონ მასკი
ქონება: $726 მლრდ
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 54
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

#2 ლარი პეიჯი ქონება: $257 მლრდ წყარო: Google ასაკი: 52 საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ
:max_bytes(150000):strip_icc():focal(734x359:736x361)/larry-page-232d495f39b4483fa35e46da226c5e9f.jpg)
#3 ლარი ელისონი ქონება: $245 მლრდ წყარო: Oracle ასაკი: 81 საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

#4 ჯეფ ბეზოსი ქონება: $242 მლრდ წყარო: Amazon ასაკი: 61 საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა მოქალაქეობა: აშშ

#5 სერგეი ბრინი ქონება: $237 მლრდ წყარო: Google ასაკი: 52 საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

#6 მარკ ცუკერბერგი ქონება: $226 მლრდ წყარო: Meta (Facebook) ასაკი: 41 საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

#7 ბერნარ არნო ქონება: $195 მლრდ წყარო: LVMH ასაკი: 76 საცხოვრებელი ადგილი: პარიზი მოქალაქეობა: საფრანგეთი

#8 ჯენსენ ჰუანგი ქონება: $162 მლრდ წყარო: Nvidia ასაკი: 62 საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

#9 უორენ ბაფეტი ქონება: $149 მლრდ წყარო: Berkshire Hathaway ასაკი: 95 საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა მოქალაქეობა: აშშ

#10 სტივ ბალმერი ქონება: $147 მლრდ წყარო: Microsoft, Los Angeles Clippers ასაკი: 69 საცხოვრებელი ადგილი: ვაშინგტონი მოქალაქეობა: აშშ

