ფოტო: Chip-Somodevilla/AP

 

2026 წლის ივნისი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგისთვის ისტორიული აღმოჩნდა. Forbes-ის შეფასებით, SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის შემდეგ კომპანიის დამფუძნებლის, ილონ მასკის ქონება ერთ თვეში დაახლოებით $218 მილიარდით გაიზარდა და 1-ელი ივლისის მდგომარეობით $1.053 ტრილიონს მიაღწია. შედეგად, მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ $1 ტრილიონს გადააჭარბა.

SpaceX-ის წარმატებული IPO-ს ფონზე მასკის ფინანსური უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ის ახლა მსოფლიოს მეორე უმდიდრეს ადამიანზე, Google-ის თანადამფუძნებელ ლარი პეიჯზე, სამ-ნახევარზე უფრო მდიდარია. პეიჯის ქონება ივნისში დაახლოებით $18 მილიარდით, $291 მილიარდამდე შემცირდა, რაც Alphabet-ის აქციების ფასის 6%-იანმა კლებამ გამოიწვია. ამავე პერიოდში Google-ის კიდევ ერთმა თანადამფუძნებელმა, სერგეი ბრინმა, დაახლოებით $16 მილიარდი დაკარგა და მისი ქონება $269 მილიარდამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, ორივემ რეიტინგში საკუთარი პოზიციები შეინარჩუნა.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის ყველაზე დიდი დანაკარგი ივნისში Oracle-ის თანადამფუძნებელმა ლარი ელისონმა განიცადა. მაისში, Oracle-ის აქციების მკვეთრი გაძვირების შედეგად, მისი ქონება $71 მილიარდით გაიზარდა, თუმცა ივნისში კომპანიის აქციების ფასის 35%-იანი ვარდნის გამო ელისონმა დაახლოებით $84 მილიარდი დაკარგა. შედეგად, მისი ქონება $192 მილიარდამდე შემცირდა და რეიტინგში მეხუთე ადგილიდან მეშვიდეზე გადაინაცვლა.

მნიშვნელოვანი დანაკარგი ჰქონდა Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსსაც. კომპანიის აქციების ფასის 12%-იანი კლების ფონზე მისი ქონება დაახლოებით $28 მილიარდით, $249 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა მან მსოფლიოს მეოთხე უმდიდრესი ადამიანის სტატუსი შეინარჩუნა.

Meta-ს აქციების ფასის 11%-იანი ვარდნის შედეგად მარკ ცუკერბერგის ქონება დაახლოებით $24 მილიარდით შემცირდა და $194 მილიარდი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ელისონის დაქვეითების გამო ცუკერბერგმა ერთი პოზიციით წინ წაიწია და რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა. ერთი საფეხურით დაწინაურდა მაიკლ დელიც, რომლის ქონება შედარებით მცირედ, დაახლოებით $9 მილიარდით შემცირდა და $235 მილიარდი შეადგინა.

თუ ილონ მასკს არ ჩავთვლით, უმდიდრესთა გასული თვის ათეულში ერთადერთი ადამიანი, რომლის ქონებაც ივნისში არ შემცირებულა, LVMH-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნო იყო. ფრანგის ქონება დაახლოებით $147.9 მილიარდის დონეზე დარჩა.

ამავე დროს, Berkshire Hathaway-ის აქციების ფასის 5%-იანი ზრდის შედეგად უორენ ბაფეტის ქონება დაახლოებით $8 მილიარდით გაიზარდა და $147.8 მილიარდს მიაღწია, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იგი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულში დაბრუნებულიყო. ათეული კი დატოვა Microsoft-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ბალმერმა, რომლის ქონება კომპანიის აქციების ფასის 17%-იანი ვარდნის ფონზე დაახლოებით $20 მილიარდით შემცირდა.

Forbes-ის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანის ერთობლივი ქონება $2.951 ტრილიონს შეადგენს, რაც წინა თვესთან შედარებით $37 მილიარდით მეტია.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი, 2026 წლის 1-ელი ივლისის მდგომარეობით

#1 ილონ მასკი ქონება: $1.053 ტრილიონი (+$218 მლრდ) წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X ასაკი: 55 საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი მოქალაქეობა: აშშ

Andrew Harnik/Getty Images

#2 ლარი პეიჯი ქონება: $291 მლრდ (-$18 მლრდ) წყარო: Google ასაკი: 53 საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

Photo: Shutterstock

#3 სერგეი ბრინი ქონება: $269 მლრდ (-$16 მლრდ) წყარო: Google ასაკი: 52 საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

Michael Tran/AFP/Getty Images

#4 ჯეფ ბეზოსი ქონება: $249 მლრდ (-$28 მლრდ) წყარო: Amazon ასაკი: 62 საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა მოქალაქეობა: აშშ

Joe Klamar / AFP – Getty Images

#5 მაიკლ დელი  ქონება: $235 მლრდ (-$9 მლრდ) წყარო: Dell Technologies ასაკი: 61 საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი მოქალაქეობა: აშშ

Ben Sklar for Fortune

#6 მარკ ცუკერბერგი ქონება: $194 მლრდ (-$24 მლრდ) წყარო: Meta (Facebook) ასაკი: 42 საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

AFP via Getty Images

#7 ლარი ელისონი ქონება: $192 მლრდ (-$84 მლრდ) წყარო: Oracle ასაკი: 81 საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

Phillip Faraone—Getty Images

#8 ჯენსენ ჰუანგი ქონება: $173 მლრდ (-$9 მლრდ) წყარო: Nvidia ასაკი: 63 საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია მოქალაქეობა: აშშ

Chesnot—Getty Images

#9 ბერნარ არნო ქონება: $147.9 მლრდ (უცვლელი) წყარო: LVMH ასაკი: 77 საცხოვრებელი ადგილი: პარიზი მოქალაქეობა: საფრანგეთი

AFP via Getty Images

#10 უორენ ბაფეტი ქონება: $147.8 მლრდ (+$8 მლრდ) წყარო: Berkshire Hathaway ასაკი: 95 საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა მოქალაქეობა: აშშ

Adam Jeffery | CNBC