საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს გლობალური ეკონომიკის მოცულობა $123.6 ტრილიონს მიაღწევს. მსოფლიოს ეკონომიკური რუკა კი კვლავ აშშ-ისა და ჩინეთის დომინაციით ყალიბდება, თუმცა პარალელურად მნიშვნელოვანი გადაადგილებები ფიქსირდება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ეკონომიკებში.

პროგნოზის თანახმად, 2026 წელს აშშ-ის ეკონომიკა $31.8 ტრილიონამდე გაიზრდება, რაც მას მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის სტატუსს გაუმყარებს. ცნობისთვის, 2021 წლიდან დღემდე აშშ-ის ეკონომიკას თითქმის $9 ტრილიონი შეემატა.

მისი უახლოესი მდევრისა და მთავარი კონკურენტის, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), IMF-ის ვარაუდით, წელს $20.7 ტრილიონს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზრდის ტემპი შენელებულია, ჩინეთის ეკონომიკა მაინც აშშ-ზე დაახლოებით ორჯერ სწრაფად იზრდება. 2021 წლიდან ჩინეთმა ეკონომიკას დაახლოებით $4 ტრილიონი შემატა.

რაც შეეხება ევროპას, აქ უმსხვილესი ეკონომიკა კვლავ გერმანიაა, რომლის მშპ 2026 წელს, სავარაუდოდ, $5.3 ტრილიონს გადააჭარბებს. თუმცა რეალური ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.9% იქნება, რაც აშკარად ჩამორჩება როგორც აშშ-ს, ისე აზიის წამყვან ეკონომიკებს. ათეულში რჩებიან ასევე დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ინდოეთის დაწინაურებაა. ქვეყანა სიაში იაპონიას უსწრებს და, IMF-ის პროგნოზით, 2026 წელს მსოფლიოს მეოთხე უმსხვილესი ეკონომიკა გახდება. კერძოდ, ვარაუდის მიხედვით, ინდოეთის მშპ $4.5 ტრილიონს უნდა გაუტოლდეს, რეალურმა ზრდამ კი 6.2% შეადგინოს.


აღსანიშნავია, რომ 2026 წელს ნიგერია მსოფლიოს 50 უმსხვილეს ეკონომიკას შორის პირველად ბრუნდება და 48-ე ადგილს იკავებს. ავსტრალია სამხრეთ კორეას უსწრებს და 14-ე ადგილზე გადადის. ეგვიპტე მშპ-ს მიხედვით ორი პოზიციით წინ მიიწევს და 43-ე ადგილზეა, რაც ეკონომიკურ რეფორმებს უკავშირდება.

მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკა 2026 წელს (IMF-ის პროგნოზი):
ადგილი ქვეყანა მშპ 2026 წელს ($, ტრილიონი)
1 აშშ 31,821
2 ჩინეთი 20,651
3 გერმანია 5,328
4 ინდოეთი 4,506
5 იაპონია 4,464
6 დიდი ბრიტანეთი 4,226
7 საფრანგეთი 3,559
8 იტალია 2,702
9 რუსეთი 2,509
10 კანადა 2,421
11 ბრაზილია 2,293
12 ესპანეთი 2,042
13 მექსიკა 2,031
14 ავსტრალია 1,948
15 სამხრეთი კორეა 1,937
16 თურქეთი 1,576
17 ინდონეზია 1,550
18 ნიდერლანდები 1,413
19 საუდის არაბეთი 1,316
20 პოლონეთი 1,110