NASA-ს უახლესმა როვერმა, სახელწოდებით Perseverance-ი, ანუ „შეუპოვრობა“, მარსის ქანების პირველი ნიმუში მოიპოვა. ამ პარადიგმული მნიშვნელობის მოვლენის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს. წითელ პლანეტაზე არსებულ ჯეზეროს კრატერში მოპოვებული ნიმუში არცთუ ისე დიდი ზომისაა -  სისქით ფანქარს თუ გაუტოლდება. მარსის ქანების ნიმუში ტიტანისაგან დამზადებულ მილაკში ინახება, სრულ ვაკუუმში. მოგვიანებით, NASA-სა და ევროპული კოსმოსური სააგენტოს ძალისხმევით და პროგრამა Mars Sample Return-ის ფარგლებში, მარსზე აღებული ეს ნიმუში დედამიწაზე აღმოჩნდება - ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სხვა პლანეტაზე მოპოვებული და მეცნიერების მიერ გამიზნულად შერჩეული მასალა დედამიწაზე მოხვდება.

https://www.youtube.com/watch?list=PLTiv_XWHnOZqCrMU2ppcLjRn1zlDkNx3q&v=j3Q-roxYkkY&feature=emb_logo

„ამბიციური მიზნების დასახვა და მათი მიღწევა NASA-ს კრედოა, რაც აღმოჩენებისა და ინოვაციის მიმართ ჩვენი ერის თავდადებას აღნიშნავს. ეს მონუმენტალური მიღწევაა - ერთი სული მაქვს, Perseverance-ისა და ჩვენი გუნდის მიერ გაკეთებული კიდევ არაერთი აღმოჩენა ვიხილო“, - აღნიშნა NASA-ს ადმინისტრატორმა, ბილ ნელსონმა.

უძველესი მიკროსკოპული მასშტაბის სიცოცხლის დაძებნის გარდა, ქანებისა და რეგოლიტის ნიმუშების დახმარებით, Perseverance-მა მარსის ჯეზეროს რეგიონის გეოლოგია უნდა შეისწავლოს, რითაც შესაძლებელი იქნება იქ არსებული ძველი კლიმატის დადგენა.

ცნობისთვის, NASA-ს როვერი Perseverance-ი მარსისაკენ 2020 წლის 30 ივლისს გაემგზავრა და წითელ პლანეტაზე 2021 წლის 18 თებერვალს დაეშვა. საკუთარი აგებულებით, Perseverance-ი მის წინამორბედ როვერ Curiosity-ს ჰგავს - ის შვიდი პირველადი სატვირთი ინსტრუმენტით, ცხრამეტი კამერითა და ორი მიკროფონითაა აღჭურვილი.