Nike-მა NFT-ტექნოლოგიაზე ბაზირებული ციფრული ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია, RTFKT შეიძინა, - ამის შესახებ ტანსაცმლის მსოფლიო გიგანტმა ორშაბათს განაცხადა. Nike-ის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ RKKFT-ი საკუთარი ინდუსტრიის წამყვანი ბრენდია, რომელიც, ინოვაციის გზით, ისეთ საკოლექციო ნივთებს აწარმოებს, კულტურისა და გეიმინგის სამყაროებს რომ აერთიანებენ.

„Nike-ის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე, ეს შენაძენი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, სპორტსმენებსა და კრეატორებს სპორტის, შემოქმედებითობის, გეიმინგისა და კულტურის გადაკვეთაზე მოვემსახუროთ“, - აღნიშნა Nike-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა და პრეზიდენტმა, ჯონ დონაჰოუმ.

https://twitter.com/RTFKTstudios/status/1470502799498792963

აღსანიშნავია, რომ სახელი RTFKT-მ ამა წლის თებერვალში გაითქვა, როცა ტინეიჯერ არტისტთან, FEWOCiOUS-თან კოლაბორაციით შექმნილი რეალური კედები ვირტუალურ კედებთან ერთად გაყიდა - განთავსებიდან ექვს წუთში 600 წყვილი ფეხსაცმელი გაიყიდა, რამაც კომპანიას $3.1  მილიონი მოუტანა.

„ძალიან ნიჭიერი კრეატორების გუნდი შევიძინეთ, რომელთაც ავთენტური და დაკავშირებული ბრენდი შექმნეს. ჩვენი გეგმაა, RTFKT-ის ბრენდში თანხები  დავაბანდოთ,  წარმოება გავზარდოთ და მოვემსახუროთ მათ ინოვაციურ და კრეატიულ კომუნას, რითაც Nike-ის ციფრულ ნაკვალევსა და შესაძლებლობებს კიდევ უფრო გავზრდით“, - წერს ჯონ დონაჰოუ.

ფოტო: Nike

აღსანიშნავია, რომ ბრენდის შეძენის შემდეგ Nike-მა RTFKT-ის ლოგო სხვა ცნობილი ბრენდების ლოგოების გვერდზე განათავსა - Nike-ის, Jordan-ისა და Converse-ის ლოგოებს, ამიერიდან, RTFKT-ის ლოგოც შეემატა. საინტერესო კი ის არის, რომ თითოეულ ამ ბრენდს მრავალწლიანი ისტორია აქვს, ხოლო უკანასკნელი 2020 წელს შეიქმნა. როგორც ჩანს, Nike-ი ხვდება მეტავერსის მნიშვნელობას და მზად არის, მასში ერთ-ერთი პირველი იყოს. „Nike-ი მსოფლიოში ერთადერთი ბრენდია, რომელსაც ინოვაციის, კრეატიულობისა და კომუნის მიმართ ასეთ ღრმა ინტერესი აქვს - გვსურს, სრულად მეტავერსში შექმნილი ბრენდი კიდევ უფრო გავზარდოთ“, - აღნიშნა RTFKT-ის თანადამფუძნებელმა, ბენუა პაგოტომ.