ფოტო: healthcareradius.in

 

ჯანდაცვაზე მეტის დახარჯვა ყოველთვის უკეთეს შედეგებს არ იძლევა. მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი ეფექტიანად დაიხარჯოს და ინდუსტრიის საჭიროებები დააკმაყოფილოს.

სტატიაში საუკეთესო და ყველაზე ცუდი ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგის შესადგენად გამოყენებული მონაცემები კვლევითი ფირმა Numbeo-ს 2026 წლის ჯანდაცვის ინდექსის ანგარიშიდანაა აღებული, რომელიც სამედიცინო ხარისხის, ინფრასტრუქტურის, პერსონალის, ლოდინის დროისა და ხარჯების შეფასების საზოგადოებრივი გამოკითხვების საფუძველზეა შედგენილი.

Numbeo-მ ზემოთ აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით ინდექსი შეიმუშავა და ყოველ სახელმწიფოს შესაბამისი საინდექსო ქულა მიანიჭა. გარდა ამისა, სტატიაში წარმოგიდგენთ შესაბამის ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯების შესახებ ინფორმაციას. თუმცა ამ კრიტერიუმში მონაცემები 2023 წლის მდგომარეობითაა გაანალიზებული.

საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგის პირველ ადგილს ტაივანი იკავებს. აქ, 2023 წლის მდგომარეობით, ერთ სულ მოსახლეზე ხარჯი $2.4 ათასია, მომსახურების ხარისხი კი მაღალი. შედარებისთვის, აშშ-ში ერთ სულ მოსახლეზე $13.5 ათასი იხარჯება, რაც რეიტინგში არსებულ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ხარჯებს აღემატება. Numbeo-მ რეიტინგი სულ 100 ქვეყნის მონაცემებით შეადგინა.

შესაბამისად, ყველაზე დიდი ჯანდაცვის ბიუჯეტის მქონე შეერთებული შტატები საუკეთესო ჯანდაცვის მქონე ქვეყნების რეიტინგში სულ რაღაც მე-40 ადგილზეა.

რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე აშკარა ტენდენცია ის არის, რომ მსოფლიოს საუკეთესო ჯანდაცვის სისტემები სულაც არ არის ყველაზე ძვირადღირებული. საუკეთესო შედეგების მქონე ქვეყნები, როგორც წესი, უპირატესობას ანიჭებენ ფართო ხელმისაწვდომობას, პრევენციულ მკურნალობას და ეფექტიანობას მთლიან ხარჯებთან შედარებით.

ტაივანი ამის ნათელი მაგალითია. მისი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა თითქმის მთელ მოსახლეობას მოიცავს, ამავდროულად კი ადმინისტრაციულ ხარჯებს შედარებით დაბალს ინარჩუნებს. სამხრეთი კორეა და იაპონია მოსახლეობას ასევე უნივერსალურ დაფარვას სთავაზობენ, რაც საზოგადოების კმაყოფილების მაღალ ხარისხს განაპირობებს.

საერთო ჯამში რეიტინგში ევროპა დომინირებს, რომელიც 25 საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე ქვეყნების ნახევარზე მეტს შეადგენს. სკანდინავიური და დასავლეთ ევროპის ქვეყნები მუდმივად მაღალ ქულებს იღებენ ფართო ხელმისაწვდომობის, დაბალი ფინანსური ბარიერებისა და პაციენტთა მოვლის მაღალი მაჩვენებლების გამო.

საინტერესოა, რომ რეიტინგის მაღალ პოზიციებზე, კერძოდ მე-6 და მე-8 ადგილებზე, გვხვდება ეკვადორი და ტაილანდი. ამ ქვეყნების ჯანდაცვის სისტემის მაღალი ხარისხი იმაზე მიუთითებს, რომ ფართო ხელმისაწვდომობას და სისტემის ეფექტიანობას შეიძლება ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდეს, როგორიც მთლიან ხარჯებს.
































































































































































რეიტინგი ქვეყანა ჯანდაცვის ინდექსი ხარჯი ერთ სულ მოსახლეზე, 2023
1 ტაივანი 87.1 $2.4 ათასი
2 სამხრეთი კორეა 82.9 $3.1 ათასი
3 ნიდერლანდები 81.5 $6.8 ათასი
4 იაპონია 80.1 $3.6 ათასი
5 ავსტრია 78.9 $6.7 ათასი
6 ეკვადორი 77.7 $509
7 ფინეთი 77.6 $5.5 ათასი
8 ტაილანდი 77.5 $327
9 დანია 77.2 $6.7 ათასი
10 ესპანეთი 77.2 $3.1 ათასი
11 საფრანგეთი 77 $5.3 ათასი
12 ბელგია 76.4 $5.9 ათასი
13 ჩეხეთი 76 $2.7 ათასი
14 ნორვეგია 75.8 $8.3 ათასი
15 ლიეტუვა 75.4 $2.2 ათასი
16 ესტონეთი 75.2 $2.4 ათასი
17 ლუქსემბურგი 74.2 $8.2 ათასი
18 კატარი 73.6 $1.8 ათასი
19 ისრაელი 73.4 $3.9 ათასი
20 გაერთიანებული სამეფო 72.7 $5.9 ათასი
21 გერმანია 72.4 $6.8 ათასი
22 მექსიკა 72.3 $761
23 პორტუგალია 72 $3.0 ათასი
24 ავსტრალია 72 $7.0 ათასი
25 სინგაპური 71.9 $3.9 ათასი

რეიტინგის ბოლოში ყველაზე სუსტი ჯანდაცვის სისტემებია კონცენტრირებული. აქ ის ქვეყნები ხვდებიან, სადაც ეკონომიკური არასტაბილურობა, კონფლიქტები ან არასაკმარისი ინვესტიციებია.

სირია ჯანდაცვის ინდექსის 35 ქულით რეიტინგის ბოლო ადგილზეა, რაც ათწლეულებით წარმოებული ომებისა და დაზიანებული სამედიცინო ინფრასტრუქტურით არის გამოწვეული. ვენესუელა, ბანგლადეში და ერაყი ასევე ბოლო პოზიციებზე იმყოფებიან რამდენიმე აფრიკულ ეკონომიკასთან ერთად, სადაც ექიმების დეფიციტი და საავადმყოფოების ნაკლებობაა.

ბევრ დაბალრეიტინგულ ქვეყანაში კონფლიქტმა, ინფლაციამ ან არასაკმარისმა ინვესტიციებმა საავადმყოფოების სისტემები დაასუსტა და ექიმებზე, მედიკამენტებსა და ძირითად სამკურნალო სერვისებზე წვდომა შეამცირა.

სამწუხაროდ, საქართველო გაანალიზებული 100 ქვეყნიდან ჯანდაცვის სისტემის რეიტინგში 77-ე ადგილს იკავებს და ბოლო 25-ეულში ხვდება.
































































































































































რეიტინგი ქვეყანა ჯანდაცვის ინდექსი ხარჯი ერთ სულ მოსახლეზე, 2023
100 სირია 35.4 $33
99 ვენესუელა 39.9 $186
98 ბანგლადეში 42.0 $53
97 ერაყი 46.5 $333
96 მაროკო 46.8 $232
95 მონტენეგრო 47.4 $1.1 ათასი
94 ეგვიპტე 47.9 $141
93 ალბანეთი 48.1 $591
92 ნიგერია 48.3 $67
91 აზერბაიჯანი 49.0 $300
90 ბელარუსი 49.6 $558
89 ირლანდია 51.2 $7.4 ათასი
88 კამბოჯა 51.6 $115
87 სერბეთი 52.1 $984
86 მოლდოვა 52.2 $452
85 ირანი 52.8 $267
84 მალტა 53.3 $3.6 ათასი
83 ტრინიდადი და ტობაგო 53.6 $1.3 ათასი
82 უნგრეთი 54.2 $1.4 ათასი
81 ალჟირი 54.5 $233
80 ბოსნია-ჰერცეგოვინა 54.6 $773
79 ჩრდილოეთი მაკედონია 55.4 $639
78 უკრაინა 55.8 $370
77 საქართველო 56.3 $554
76 რუმინეთი 56.5 $1.1 ათასი

სტატიაში წარმოდგენილი შედეგები უფრო ფართო გლობალურ ტენდენციას ავლენს: ყველაზე მაღალი ხარისხის ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჯანდაცვის ხარჯების გარეშეა შესაძლებელი.