ფოტო: Getty Images

ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, ინვესტორების ყურადღება ძირითადად ჩიპების მწარმოებლებზე, განსაკუთრებით NVIDIA-ზე იყო მიპყრობილი. თუმცა მონაცემები აჩვენებს, რომ AI-ეკოსისტემაში ყველაზე სწრაფი ზრდა სწორედ იმ კომპანიებმა დააფიქსირეს, რომლებიც არც ჩიპებს აწარმოებენ და არც კლასიკურ ინფრასტრუქტურულ გიგანტებად მიიჩნეოდნენ.

2021-2025 წლებში საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის ტემპით Palantir Technologies-ი ლიდერობს. ამ პერიოდში კომპანიის ღირებულება 1,132%-ით გაიზარდა, $36.5 მილიარდიდან თითქმის $450 მილიარდამდე. მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA-ს საბაზრო კაპიტალიზაცია გაცილებით მაღალია და რამდენიმე ტრილიონს უტოლდება, აღნიშნულ პერიოდში Palantir-მა ჩიპების მწარმოებელზე ორჯერ დიდი ზრდა დააფიქსირა. 

პირველ რიგში, ამის მიზეზი ე.წ. „დაბალი ბაზის ეფექტია“ – Palantir-ი შედარებით მცირე შეფასებიდან იწყებდა და ინვესტორების მხრიდან მისი როლის გადაფასებამ უფრო მკვეთრი პროცენტული ზრდა გამოიწვია.

თუმცა Palantir-ის წარმატებაში მთავარი როლი კომპანიის ტრანსფორმაციას მიუძღვის. მან მონაცემთა ანალიტიკიდან სწრაფად გადაინაცვლა სრულფასოვან AI-პლატფორმამდე. მისი Artificial Intelligence Platform (AIP) იქცა ინსტრუმენტად, რომელიც კორპორაციულ და სახელმწიფო სექტორებში გადაწყვეტილებების მიღებაში უშუალოდ მონაწილეობს.

ამან ინვესტორებში გააჩინა განცდა, რომ Palantir-ი ახლოს დგას საბოლოო მონეტიზაციასთან – იქ, სადაც AI რეალურ შემოსავალს ქმნის. განსხვავებით NVIDIA-სგან, რომელიც ტექნიკურ საფუძველს (ჩიპებსა და გამოთვლით სიმძლავრეს) უზრუნველყოფს, Palantir-ი პირდაპირ მუშაობს იმ დონეზე, სადაც AI-ის გამოყენება უკვე ბიზნესის შედეგებზე აისახება.

საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდის ტემპით NVIDIA-Vertiv Holdings-მაც აჯობა. საანგარიშო პერიოდში მისი ღირებულება 583%-ით გაიზარდა, $9.4 მილიარდიდან $64.1 მილიარდამდე. ეს ზრდა განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ ფონზე, რომ კომპანია არ არის არც ჩიპების მწარმოებელი და არც AI-აპლიკაციების დეველოპერი. მისი ძირითადი საქმიანობა მონაცემთა ცენტრების გაგრილებისა და ენერგომომარაგების სისტემებს მოიცავს, რაც, ერთი შეხედვით, უფრო „ტრადიციულ“ ინდუსტრიას მიეკუთვნება.

თუმცა სწორედ ეს „არატექნოლოგიური“ სეგმენტი გახდა AI-ბუმის ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებული. თანამედროვე AI-სისტემები - განსაკუთრებით ისინი, რომლებიც დიდ GPU-კლასტერებზე მუშაობს - უზარმაზარ სითბოს წარმოქმნის და სტაბილურ ენერგომომარაგებას მოითხოვს. შედეგად, მონაცემთა ცენტრების ეფექტიანი გაგრილება და ენერგიის მართვა კრიტიკულ ფაქტორად იქცა, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად და მასშტაბურად შეიძლება AI-ინფრასტრუქტურის გაფართოება.

ამან AI-ეკოსისტემაში Vertiv-ის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანია აღარ განიხილება მხოლოდ როგორც ინდუსტრიული მომწოდებელი, ის AI-ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ ძირითად დამხმარე რგოლად გადაიქცა. ინვესტორებმა სწორედ ამ ფაქტორის გადაფასება დაიწყეს, რაც როგორც მისი საბაზრო კაპიტალიზაციის, ისე აქციების ფასის მკვეთრ ზრდაში აისახა.

ამავე პერიოდში შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა NVIDIA-მაც. 2021-2025 წლებში მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 531%-ით გაიზარდა და დაახლოებით $4.6 ტრილიონს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA კვლავ რჩება AI-ჩიპების ბაზრის დომინანტ მოთამაშედ, ფაქტია, რომ 2021-2025 წლებში ზრდის ტემპით ის როგორც Palantir-ს, ისე Vertiv-ს ჩამორჩა.