გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარში, საქართველოდან, მსოფლიოს 24 ქვეყანაში 5,12 მლნ ბოთლის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 18%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 11,4 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31% შეადგინა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: ყაზახეთი - 108% (220 776), ჰონგ-კონგი 100% (15 486), იაპონია - 95% (26 892), ლატვია - 90% (116 226), უკრაინა - 55%(624 030), რუსეთი - 24% (3 534 780), პოლონეთი - 13% (177 018), ისრაელი - 12% (19 680), ნიდერლანდები - 39% (2 248) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (3 534 780), უკრაინა (624 030), ჩინეთი (250 238), ყაზახეთი (220 776) და პოლონეთი (177 018).

წლის დასაწყისში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 70-მდე კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, იანვარში ექსპორტირებულია 1,06 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 8,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.