ყოველწლიურად ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერები აუქციონებზე იშვიათ ნიმუშებზე ასეულობით მილიონ დოლარს ხარჯავენ, რათა საკუთარი კოლექცია გაამდიდრონ. აღნიშნული ნიმუშების მაღალი ღირებულება არა მხოლოდ ნამუშევრების კულტურულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს, არამედ ის სტატუსის განმსაზღვრელიც ხდება.

სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშების რეიტინგს, რომლებიც სხვადასხვა დროს გაყიდული ნამუშევრების 20-ეულს აერთიანებს. რეიტინგი დაფუძნებულია ARTnews-ის მონაცემებზე.

სიაში პირველ ადგილს იტალიელი ხელოვანის, ლეონარდო და ვინჩის ფერწერული ნამუშევარი „სამყაროს მხსნელი“ (Salvator Mundi) იკავებს, რომლის ღირებულებაც $450.3 მილიონია. მეორე პოზიციაზე კი ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის ნამუშევარი „ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტია”. აღნიშნული ხელოვნების ნიმუშის ღირებულება 2025 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე $236.4 მილიონად შეფასდა.

მესამე ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი ამერიკელი ხელოვანის, ენდი უორჰოლის მიერ პოპკულტურის სტილში შესრულებული მერილინ მონროს პორტრეტია, რომლის ღირებულებაც $195 მილიონს შეადგენს. რეიტინგის მეოთხე და მეხუთე პოზიციებს პაბლო პიკასოსა და ამედეო მოდილიანის ფერწერული ტილოები „ალჟირელი ქალები“ და „მწოლიარე ნიუ“ იკავებენ.

აუქციონებზე გატანილი ნამუშევრების ფასები ხშირ შემთხვევაში ხელოვანის რეპუტაციით, კულტურული ზეგავლენით, წარმომავლობითა და იშვიათობითაა განპირობებული. ისტორიულად მნიშვნელოვან ნამუშევრებში ან წარსულში პრესტიჟულ კოლექციებში დაცულ ნახატებში აუქციონერები დიდ თანხას იხდიან.

სოციალური სტატუსის გარდა, კოლექციონერებისთვის ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშები კარგ საინვესტიციო შესაძლებლობასაც წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ხელოვნების ყველა ნიმუში ყოველთვის აუქციონის გზით არ იყიდება. მიუხედავად იმისა, რომ Sotheby’s-ის, Christie’s-ისა და Phillips-ის სააუქციონო სახლები რეკორდულ გაყიდვებს აფიქსირებენ, მნიშვნელოვანი ნამუშევრების ნაწილი კერძო გარიგებებით სხვისდება. ხშირ შემთხვევაში აღნიშნულ ხერხს სააუქციონო სახლების საკომისიო გადასახადის თავის არიდებისთვის მიმართავენ.

20 ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშიდან 19 ნახატია და მხოლოდ ერთია ქანდაკება. შვეიცარიელი მოქანდაკის ალბერტო ჯაკომეტის ნამუშევარი რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს და მისი ღირებულება $141.3 მილიონია.


































































































































რეიტინგი ნამუშევარი ხელოვანი ღირებულება (აშშ დოლარი)
1 სამყაროს მხსნელი ლეონარდო და ვინჩი 450,300,000
2 ელიზაბეტ ლედერერის პორტრეტი გუსტავ კლიმტი 236,400,000
3 მერილინ მონროს ლურჯი პორტრეტი ენდი უორჰოლი 195,000,000
4 ალჟირელი ქალები (ვერსია ‘O’) პაბლო პიკასო 179,400,000
5 მწოლიარე  ნიუ ამედეო მოდილიანი 170,400,000
6 მწოლიარე ნიუ (მარცხენა მხრიდან) ამედეო მოდილიანი 157,200,000
7 მოდელები (პატარა ვერსია) ჟორჟ  სიორა 149,200,000
8 ლუსიენ ფროიდის სამი კვლევა ფრენსის ბეკონი 142,400,000
9 მიმთითებელი კაცი ალბერტო ჯაკომეტი 141,300,000
10 პეიზაჟის თორმეტი სცენა ცი ბაიში 140,800,000
11 ქალი საათით პაბლო პიკასო 139,300,000
12 სენტ-ვიქტუარის მთა პოლ სეზანი 137,700,000
13 სინათლის იმპერია რენე მაგრიტი 121,160,000
14 კივილი ედუარდ მუნკი 119,900,000
15 ბაღი კვიპაროსებით ვინსენტ ვან გოგი 117,620,000
16 ახალგაზრდა ქალი ყვავილების კალათით პაბლო პიკასო 115,000,000
17 წისქვილები კლოდ მონე 110,700,000
18 სათაურის გარეშე ჟან-მიშელ ბასკია 110,500,000
19 ქალი მარაოთი გუსტავ კლიმტი 108,400,000
20 ნიუ, მწვანე ფოთლები და ბიუსტი პაბლო პიკასო 106,500,000