ხელოვნური ინტელექტის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით ბოლო წლებში გაიზარდა, მრავალი AI-ინსტრუმენტის განვითარების მიუხედავად კი, კვლევებიც ცხადყოფს, რომ ყველაზე დიდი პოპულარობით მომხმარებელში კვლავ ChatGPT-ი სარგებლობს. writerbuddy.ai-ს უახლეს ანგარიშზე დაყრდნობით, OpenAI-ის უფასო ჩატბოტს, მხოლოდ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს პერიოდში, AI-ინსტრუმენტების საერთო ტრაფიკის 60% ეკავა - ჯამში 14 მილიარდი ვიზიტით.

მთლიანობაში, writerbuddy.ai-ის კვლევით, აღნიშნულ პერიოდში AI-ინსტრუმენტებზე ვიზიტთა რაოდენობამ 24 მილიარდს მიაღწია. ორგანიზაციის მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის საშუალო თვიური ტრაფიკი 236.3 მილიონი ვიზიტით გაიზარდა. ყველაზე პოპულარული კი ChatGPT-ი იყო, რომელსაც, WriterBuddy-ის ანგარიშით, მეორე ადგილზე ჩატბოტი Character AI მოჰყვებოდა - ჯამში, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტომდე, 3.8 მილიარდი ვიზიტით, შემდეგია QuillBot-ი (1.1 მილიარდი), სურათების გენერატორი MidJourney (500.4 მილიონი) და Hugging Face-ი (316.6 მილიონი).

Bard-ი, ChatGPT-თან კონკურენციისთვის Google-ის მიერ შექმნილი ჩატბოტი, მხოლოდ მეექვსე ადგილზეა, 241.6 მილიონი ვიზიტით. ანგარიშის ათეულში კი, ტრაფიკის მოცულობით, ასევე მოხვდნენ: AI-ის საწერი ინსტრუმენტი NovelAI, 238.7 მილიონი ვიზიტით, ვიდეოგენერატორი CapCut-ი (203.8 მილიონი), ჩატბოტი JanitorAI (192.4 მილიონი) და სურათების გენერატორი Civitai (177.2 მილიონი).

როგორც კვლევებით დადგინდა, ამ პერიოდში AI-ინსტრუმენტების მომხმარებელთა უმეტეს ნაწილს - 69.5%-ს მამაკაცები შეადგენდნენ, ქალებს კი მხოლოდ დარჩენილი 30.5% ეკავათ. ეს განსხვავება ასახავს გენდერული ნიშნით განსხვავებას ხელოვნური ინტელექტის სექტორში დასაქმებულთა შორის, რომელთა უმრავლესობა სწორედ მამაკაცია. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უახლესი მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის მიმართუელებით დასაქმებულთა შორის ქალთა წილი მხოლოდ 22%-ია.

რაც შეეხება გეოგრაფიულ განსხვავებას, მთლიანობაში, ტრაფიკის უდიდესი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდიოდა - 22.62%, ჯამში 5.5 მილიარდი ვიზიტით. მეორე ადგილზე კი ინდოეთია, 8.52%-ითა და 2.1 მილიარდი ვიზიტით, რომელსაც ინდონეზია მოსდევს - 1.4 მილიარდი ვიზიტით. ევროპული ქვეყნების ჯამური ვიზიტების რაოდენობამ კი 3.9 მილიარდს მიაღწია.

SEMrush-ის გამოყენებით, writerbuddy.ai-მა რეიტინგისთვის ხელოვნური ინტელექტის 3 ათასამდე ინსტრუმენტი შეისწავლა და მათგან 50 ყველაზე პოპულარული დაასახელა. ვიზიტორთა რაოდენობით შერჩეული ტოპ-50, 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტომდე, AI-ინდუსტრიის საერთო ტრაფიკის 80%-ს შეადგენდა.

writerbuddy.ai: ყველაზე პოპულარული AI-ინსტრუმენტების ათეული:


  1. chat.openai.com – 14.6 მილიარდი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 60.17%

  2. character.ai – 3.8 მილიარდი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 15.77%

  3. quillBot.com – 1.1 მილიარდი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 4.68%

  4. midJourney.com – 500.4 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 2.06%

  5. huggingFace.co – 316.6 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 1.31%

  6. bard.google.com – 241.6 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 1%

  7. novelai.net – 238.7 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 0.98%

  8. capcut.com – 203.8 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 0.84%

  9. janitorai.com– 192.4 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 0.79%

  10. civitai.com– 177.2 მილიონი ვიზიტი, საერთო ტრაფიკის 0.73%


ქვეყნების მიხედვით ვიზიტთა რაოდენობა კი შემდეგნაირად ნაწილდება:

  1. ამერიკის შეერთებული შტატები - 5.5 მილიარდი ვიზიტი

  2. ინდოეთი - 2.1 მილიარდი ვიზიტი

  3. ინდონეზია - 1.4 მილიარდი ვიზიტი

  4. ფილიპინები - 1.3 მილიარდი ვიზიტი

  5. ბრაზილია - 1.3 მილიარდი ვიზიტი

  6. გაერთიანებული სამეფო - 665 მილიონი ვიზიტი

  7. იაპონია - 642 მილიონი ვიზიტი

  8. გერმანია - 630 მილიონი ვიზიტი

  9. მექსიკა - 579 მილიონი ვიზიტი

  10. კანადა - 534 მილიონი ვიზიტი