Woodstock-ის ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მსოფლიო დონის მუსიკალური მოვლენაა. მუსიკალური ღონისძიება 1969 წლის 15 აგვისტოს, პარასკევს ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ბეტელში დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. Woodstock-ს დღესაც უდიდესი გავლენა აქვს მუსიკალურ ინდუსტრიაზე და მისთვის დამახასიათებელ ნიუანსებს თანამედროვე ფესტივალებშიც უხვად შევხვდებით.

სამოციანების მიწურულს გამართულ ისტორიულ მუსიკალურ ღონისძიებაში არაერთი ცნობილი არტისტი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ როკ-ლეგენდები ჯიმი ჰენდრიქსი, ჯოან ბაეზი, ჯენის ჯოპლინი, კარლოს სანტანა და The Who. მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის შესახებ ბევრი რამ ცნობილია, დღემდე გაურკვეველი რჩებოდა, თუ რა თანხა აიღეს შემსრულებლებმა იმ ფესტივალში მონაწილეობისთვის, რომელმაც მათ მსოფლიო წარმატება და აღიარება მოუტანა.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში, „@historyhits124“-ის ანგარიშის მიერ გამოქვეყნდა ფოტომასალა, რომელზეც 1969 წლის ფესტივალში მონაწილე პირების ანაზღაურებაა ასახული. თუმცა ფოტოზე წარმოდგენილი ციფრები უკვე წლებია, რაც ინტერნეტში ვრცელდება და გამოცემათა ნაწილი მას ჟურნალ Variety-ის ბეჭდური ვერსიის ძველ ნომერში გამოქვეყნებულ მონაცემებს უკავშირებს.

გავრცელებულ ფოტომასალაზე დაყრდნობით, ფესტივალის ყველაზე მაღალანაზღაურებადი შემსრულებელი როკ-არტისტი ჯიმი ჰენდრიქსი იყო. გიტარისტმა Woodstock 69-ის ფესტივალზე $18,000 გამოიმუშავა, რაც 2023 წლის მონაცემებით, დაახლოებით $150,000-ს უტოლდება. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ გამოსვლაში, რომელიც მექსიკელ გიტარისტს კარლოს სანტანას ეკუთვნოდა, მუსიკოსმა მხოლოდ $750 მიიღო (2023 წელს დაახლოებით $6,200-ის ტოლფასი), რაც დღეს შესაძლოა გიტარისტის ერთი კონცერტის ბილეთის ღირებულება დაჯდეს.

Woodstock 69-ის ფესტივალზე შემსრულებელთა მიერ გამომუშავებული თანხა:


  1. ჯიმი ჰენდრიქსი - $18,0000

  2. Blood, Sweat and Tears - $15,000

  3. ჯოან ბაეზი - $10,000

  4. Creedence Clearwater Revival – $10,000

  5. The Band – $7,500

  6. ჯენის ჯოპლინი - $7,500

  7. Jefferson Airplane - $7,500

  8. Sly and the Family Stone - $7,000

  9. Canned Heat - $6,500

  10. The Who - $6,250

  11. რიჩი ჰევენსი - $6,000

  12. არლო გატრი - $5,000

  13. Crosby, Stills, Nash and Young - $5,000

  14. რავი შანკარი - $4,500

  15. ჯონი ვინტერი - $3,750

  16. Ten Years After - $3,250

  17. Country Joe and the Fish - $2,500

  18. Grateful Dead - $2,500

  19. The Incredible String Band - $2,250

  20. Mountain - $2,000

  21. ტიმ ჰარდინი - $2,000

  22. ჯო კოკერი - $1,375

  23. Sweetwater - $1,250

  24. ჯონ სებასტიანი - $1,000

  25. მელანი - $750

  26. სანტანა - $750

  27. Sha Na Na - $700

  28. კიფ ჰარტლი - $500

  29. Quill - $375