მსოფლიო ბანკმა 2018 წლის გლობალური ფინანსური ინდექსი (The Global Findex) გამოაქვეყნა. კვლევაში მოცემულია, თუ რამდენად ხშირად სესხულობენ ან ზოგავენ თანხებს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. Findex 140 ქვეყნის  150,000-მდე მოსახლის ინფორმაციას აანალიზებს, მათ შორის საქართველოსას. 

კვლევის მიხედვით, მსოფლიოში სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში ანგარიში მოსახლეობის 69 %-ს აქვს გახსნილი. 

ამავე მონაცემებით, საქართველოში ზრდასრული მოსახლეობის (15 წლის და ზევით) 27,4%-ს ბოლო ერთი წლის განმავლობაში საფინანსო ინსტიტუტისგან სესხი აუღია, მათ შორის საკრედიტო ბარათის სახით. 2014 წელს ეს მაჩვენებელი 20.3% იყო. მოსახლეობის 20.7%-ს კი თანხა სესხის სახით მეგობრებისგან ან ოჯახის წევრებისგან აქვს აღებული. 44.9% კი ამბობს, რომ თანხა ბოლო 1 წლის განმავლობაში უსესხია, თუმცა რაიმე სხვა სახით. საქართველოში იმ მოსახლეობის წილი, ვისაც ბოლო ერთ წელში საფინანსო ინსტიტუტისგან სესხი აუღია აღემატება ევროპისა და ცენტრალური აზიის მაჩვენებელს, რომელიც 24.2%-ია. 

რაც შეეხება დანაზოგებს, კვლევის მიხედვით, ბოლო 1 წელში საფინანსო ინსტიტუტში თანხა 15 წელს ზევით მოქალაქეების მხოლოდ 4.6% -მა შეინახა. ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კი ეს მაჩვენებელი 14.4%-ია. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს საქართველოში, ბოლო 12 თვეში, დანაზოგი მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს ჰქონდა გაკეთებული. 

გარდა ამისა, ქართველების 2.5%-მა თანხა დაგროვებით კლუბში ან სხა პირთან გააკეთა, რომელიც მისი ოჯახის წევრი არ არის. სხვა სახით კი თანხა 15%-მა შეინახა.  მოსახლეობის 2.4%-მა კი თანხა ხანდაზმული ასაკისთვის გადაინახა. ყველა ეს მაჩვენებელი მკვეთრად  ჩამოუვარდება მსოფლიოს სხვა ქვეყნების მონაცემებს. ასე მაგალითად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში სიბერისთვის თანხა ბოლო 12 თვეში მოსახლეობის 15%-მა გადაინახა, რაიმე სახის დანაზოგი კი 37%-მა გააკეთა. 

თუკი საქართველოს რეგიონის ქვეყნებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ მაგალითად აზერბაიჯანში ბოლო 12 თვის განმავლობაში საფინანსო ინსტიტუტში დანაზოგი მოსახლეობის 4.5%-მა გააკეთა, თურქეთში კი 22.9%-მა. ევროპულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მკვეთრად მაღალია და მაგალითად შვედეთში 75.4%-ს შეადგენს, დანიაში კი 63.1%-ს.