სასტუმროები

- AthensWas: აკროპოლისიდან სულ რამდენიმე ნაბიჯში მდებარე ამ მდიდრული, ომის შემდგომი პერიოდის სტილში გადაწყვეტილი სასტუმროს დიზაინში უხვად არის გამოყენებული მარმარილო და ბუნებრივი ხის მასალა. ორკაციანი ოთახის ფასი $200-დან იწყება.

- City Circus: თუ თქვენ მზად ხართ, მიიღოთ გამოწვევა და გაჩერდეთ პსირის ექსტრავაგანტურ რაიონში, ეს ექსცენტრული, მაღალი კლასის საერთო საცხოვრებელი ნამდვილი აღმოჩენაა. საზიარო ოთახის ფასი $26-დან იწყება, ხოლო ცალკე ორკაციანი ოთახის ფასები $70-იდან.

- Coco-Mat: გამოიძინეთ კარგად ამ საწოლის აქსესუარების მწარმოებელი ბერძნული კომპანიის სახელგანთქმულ ლეიბზე ეკომეგობრულ სასტუმროში. ორკაციანი ოთახის ფასი $157-დან იწყება.

- Hotel Grande Bretagne: ევროფილები აქ თავს ისე იგრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში. ეს არის მე-19 საუკუნის გრან-ოტელის კლასიკური განსახიერება, სადაც ამჟამად Zeus & Dione-ს ბუტიკიც არის განლაგებული. ორკაციანი ოთახის ფასი $360-დან იწყება.

რესტორნები და კაფეები

- Beaver: ქალების მიერ ექსკლუზიურად ქალებისათვის გახსნილი ეს კაფე-ბარი აერთიანებს კარგ მუსიკას, მიმზიდველ ატმოსფეროს და ეკლექტურ, ვინტაჟურ ავეჯს.

- Seychelles: მეტაქსურგეიოს რაიონში მდებარე ეს რესტორანი, თავისი ღია სამზარეულოთი, დახვეწილი პატარა ულუფებითა და ეზოთერული ბერძნული ყველის დიდი არჩევანით ელეგანტურ სიახლეს სძენს ტრადიციულ ბერძნულ სამზარეულოს (მისამართი:49 Kerameikou; 30-21- 1183-4789; ძირითადი კერძის ფასი $7-დან $13-მდე).

- To Perivolaki: პეტრალონაში მდებარე კაფე მშვიდი ატმოსფეროთი, სადაც ულამაზეს ტერასაზე სტუმრებს მეზეთი და ადგილობრივი ლუდით უმასპინძლდებიან (მისამართი: 7 Athineou; 30-21- 3023-7687).

- To Therapeftirio: პეტრალონაში მდებარე ეს თევზის ტავერნა განთქმულია თავისი ფავას მარცვლისაგან მომზადებული პიურეთი და „თარამა სალათის” სახელწოდებით ცნობილი თევზის საწებლით. (მისამართი: 41 Kydantidon; 30-21- 0341-2538; მთავარი კერძის ფასი $5-დან $35-მდე).

გალერეები და მაღაზიები

- Benaki Contemporary Museum: ეს კერძო მუზეუმი განთქმულია ბერძნული ხელოვნების ათასწლოვანი კოლექციით და ასევე თანამედროვე ნამუშევრების საკმაოდ თამამი გამოფენებით.

- The Breeder: მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ბერძნული ხელოვნების პოპულარიზაციას ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გალერეა მეტაქსურგეიოს რაიონში მდებარეობს და წარმოადგენს კრიზისული პერიოდის თაობის საუკეთესო არტისტებს.

- National Museum of Contempo­rary Art (თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი): 1960-იანი წლების ყოფილი ლუდსახარშის შენობაში განლაგებული თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, რომელიც ისეთ საერთაშორისო დონის არტისტებს, როგორებიც არიან ბილ ვიოლა და შირინ ნეშათი, მათ ადგილობრივ კოლეგებთან აკავშირებს.

- Rebecca Camhi: ქვეყნის წამყვანი გალერისტი, რომელიც წარმოგვიდგენს ისეთ საერთაშორისო აღიარების მქონე შემოქმედებს, როგორიც არიან ნან გოლდინი და რიტა აკერმანი, ასევე ფლობს ბერძნული კერამიკის მაღაზიას და პერიოდულად სტუმრებს კლუბური ვახშმით უმასპინძლდება.

- Stavros Niarchos Foundation Cultural Center (სტავროს ნიარქოსის ფონდის კულტურული ცენტრი): ქვეყანაში დაწყებული კრიზისის შემდეგ, პირველი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობა ათენში. ეს არის რენცო პიანოს მიერ მაღალი კულტურისადმი მიძღვნილი ტაძარი, სადაც საბერძნეთის ეროვნული ბიბლიოთეკა და ოპერაა განთავსებული.

- Yoleni’s: ახალი მრავალსართულიანი იმპერია გურმანებისათვის, რომელიც კოლონაკიში მდებარეობს და სადაც უხვად არის ისეთი დელიკატესები, როგორიცაა, მაგალითად, ოქროსფერი კორინთული თაფლი. Zeus & Dione: უძველესი ბერძნული ხელნაკეთი ნივთების ტრადიციისა და თანამედროვე დიზაინის შერწყმის წყალობით, ეს ახალგაზრდა მოდური ბრენდი ყველაზე დიდი წარმატებით სარგებლობს საბერძნეთში.