მუშაობის სხვადასხვა რეჟიმის შესახებ პანდემიისას დაწყებული დისკუსია კვლავ აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ კვირას Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის ყველა თანამშრომელი ოფისში უნდა დაბრუნდეს, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში - სამსახურს დაკარგავს.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ამგვარ გადაწყვეტილებას მალევე გამოეხმაურა პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის, Atlassian-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, სკოტ ფარკუჰარი, რომელმაც მასკის ამ განცხადებაში 1950-იანი წლების პათოსი ამოიკითხა.
თუმცა ერთი რამ, რასაც მასკის მიერ წამოწყებულმა დისკუსიამ ნათელი მოჰფინა - ბიზნესლიდერებს შორის მუშაობის მომავლის შესახებ არსებული აზრთა სხვადასხვაობაა. ამერიკულმა Dropbox-მა, მაგალითად, რომელსაც დრიუ ჰიუსტონი ხელმძღვანელობს, კომპანიის საკუთრებაში არსებული საოფისე ფართების უმეტესობა გაყიდა და თანამშრომლებს დისტანციური მუშაობის შესაძლებლობა სამუდამოდ მისცა - მუშაობის ასეთი სტილი დაუშვა Twitter-მაც. თუმცა არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებმაც მუშაობის ჰიბრიდული რეჟიმი აირჩიეს - ასეთი კომპანიების სათავეში Apple-ი გვხვდება - ის თანამშრომლებს ოფისში გამოცხადებას კვირაში ორჯერ ავალდებულებს.
მუშაობის სხვადასხვა რეჟიმით ამერიკული Forbes-ი დაინტერესდა და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს კითხვარი გაუგზავნა. გამოკითხვაში მონაწილეობა 65-მა მილიარდერმა მიიღო, რომელთა ხმები, უმეტესწილად, ჰიბრიდულ და ფიზიკურ სამუშაო მოდელს შორის გაიყო - ჰიბრიდულ რეჟიმს გამოკითხულთა 52% უჭერს მხარს, ხოლო ფიზიკურს - 45%. მილიარდერთა მხოლოდ 3% ფიქრობს, რომ მომავალი - სრულად დისტანციურ მუშაობაშია.

