ეს კომპანიები და მათი მენეჯმენტი 2023 წელს მაღალი ფინანსური შედეგებითა და უკუგებით გამოირჩეოდნენ. თუმცა უკუგებაზე გავლენას არა მხოლოდ მენეჯერული გადაწყვეტილებები ახდენს, არამედ ისეთი ფაქტორებიც, როგორებიცაა კომპანიის მასშტაბი, საქმიანობის სფერო, განვითარების ეტაპი და სხვა. ჩვენი მიზანია, სწორედ ამ გარე ფაქტორების გამორიცხვით შევაფასოთ წმინდად მენეჯმენტის გავლენა. წარმოგიდგენთ საუკეთესო მაჩვენებლის მქონე 50 კომპანიასა და ხელმძღვანელს.
რედაქტორი: შოთა დიღმელაშვილი; კვლევის ხელმძღვანელი: ეგნატე შამუგია; დამატებითი რეპორტინგი: კახი ჩაკვეტაძე

მეთოდოლოგია

ყველაზე ეფექტიანად მართული კომპანიების რეიტინგი კომპანიის მენეჯერული გადაწყვეტილებების წარმატების საზომის, აქტივებზე უკუგების სიდიდეს ეფუძნება. ეფექტიანობის შესაფასებლად გამოყენებულია სტანდარტიზებული ქულა. კერძოდ, თითოეული კომპანიის ხელმძღვანელის ქულის გამოსათვლელად, აქტივებზე უკუგებიდან, გამორიცხულია მასზე გავლენის მქონე  სხვადასხვა ფაქტორი (მაგ. კომპანიის ზომა, ასაკი, სექტორი და ა.შ.). სხვა ფაქტორების გავლენის გამოსარიცხად გამოყენებული რეგრესული ანალიზით შეფასებულია მათი პარამეტრები.  

რეიტინგის მომზადებისთვის კომპანიების ბაზა შედგენილია  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ კანონით განსაზღვრული პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებსა და Forbes Georgia-ს „საქართველოს 150 ყველაზე შემოსავლიან კომპანიებზე“ დაყრდნობით. რეიტინგში წარმოდგენილია 50 საუკეთესო შეფასების მქონე კომპანიიის ხელმძღვანელი 2023 წლის მდგომარეობით. კომპანიის მმართველად მიჩნეულია სამეწარმეო რეესტრში მითითებული „დირექტორი“ ან „გენერალური დირექტორი“, ან „პრეზიდენტი“.    

სრული მეთოდოლოგია იხილეთ ბმულზე


ᲜᲐᲗᲘᲐ ᲙᲐᲮᲘᲫᲔ ᲛᲐᲒᲗᲘᲙᲝᲛᲘ / ᲢᲔᲚᲔᲙᲝᲛᲣᲜᲘᲙᲐᲪᲘᲐ
მაგთიკომი მობილური ოპერატორების საბაზრო წილით ლიდერი კომპანიაა. ის 1996 წელს დაარსდა და დღეს თითქმის 2.5 მლნ მომხმარებელს აერთიანებს, რაც საქართველოს მთლიანი ბაზრის 41%-ია. მაგთიკომს ნათია კახიძე ხელმძღვანელობს.  

2023 წელს კომპანიის წმინდა მოგება 361.3 მლნ ლარი იყო, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 17.3%-ით არის გაზრდილი. ამ პერიოდში არა მხოლოდ მოგება, არამედ კომპანიის მოგებიანობის დონეც გაუმჯობესდა. მაგალითად, 2023 წელს კაპიტალზე უკუგება 36.1%-დან 41.2%-მდე გაიზარდა, ხოლო აქტივებზე უკუგება  – 32.1%-დან 35.3%-მდე. 


ᲒᲘᲝᲠᲒᲘ ᲢᲧᲔᲑᲣᲩᲐᲕᲐ MERCEDES-BENZ GEORGIA / ᲐᲕᲢᲝᲕᲐᲭᲠᲝᲑᲐ, ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ
ამ სახელის უკან 1996 წელს დაფუძნებული შპს აკა არის, რომლის საქმიანობაც ავტომობილებით ვაჭრობას და მათ მომსახურებას უკავშირდება. კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ტყებუჩავაა.  

კომპანიისთვის 2023 წელი წარმატებული აღმოჩნდა, რადგან წინა წელთან შედარებით წმინდა მოგება 78.2%-ით გაიზარდა. 2023 წელს Mercedes-Benz Georgia“-ს წმინდა მოგებამ 33.6 მლნ ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში არსებითად გაუმჯობესდა კომპანიის ძირითადი ფინანსური პროპორციები. კომპანიის აქტივებზე უკუგება 25.7%-დან 36%-მდე გაიზარდა, ხოლო 37.3%-დან 41.7%-მდე ზრდა იყო კაპიტალზე უკუგების შემთხვევაში.  


ᲞᲐᲐᲢᲐ ᲦᲐᲫᲐᲫᲔ ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲓᲐᲖᲦᲕᲔᲕᲐ / ᲓᲐᲖᲦᲕᲔᲕᲐ
მიუხედავად იმისა, რომ ახალია და მხოლოდ 2014 წლიდან არსებობს, „თიბისი დაზღვევა“ მცირე ზომისა და უხვი მოთამაშის მქონე, სადაზღვევო სექტორში ზრდის დინამიკით გამორჩეული კომპანიაა. 2023 წელს კომპანია ბაზრის 23.3%-იან წილს იკავებდა. ის მომხმარებლებს ავტომობილის, ჯანმრთელობის, მოგზაურობისა და ქონების დაზღვევას სთავაზობს. 2023 წლის მდგომარეობით კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციას  პაატა ღაძაძე იკავებდა. 

2023 წელს კომპანიის წმინდა მოგება 20.7%-ით გაიზარდა, რაც საანგარიშო პერიოდის ბოლოს 20.7 მლნ ლარს შეადგენდა. ამ პერიოდში კომპანიამ 19.8%-ით მეტი პრემია მოიზიდა, თუმცა 2022 წელთან შედარებით მოგებიანობა მცირედით ნაკლები იყო. 2023 წელს აქტივებზე უკუგება 19.8% იყო, რაც წინა საანგარიშო პერიოდში 19.6%-ს შეადგენდა. 2023 წელს კაპიტალზე უკუგება 50.6%-დან 49.8%-მდე შემცირდა. 


ᲛᲐᲠᲘᲜᲐ ᲒᲘᲝᲠᲒᲐᲫᲔ ᲑᲐᲓᲐᲒᲝᲜᲘ / ᲐᲚᲙᲝᲰᲝᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲡᲛᲔᲚᲔᲑᲘ
„ბადაგონი“ 2003 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის გენერალური დირექტორი მარინა გიორგაძეა.  კომპანია კახეთის რეგიონში ღვინოს აწარმოებს და ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე ღვინის ფართო ასორტიმენტით არის წარმოდგენილი. „ბადაგონისთვის“ 2023 წელი არსებითი ზრდის პერიოდი იყო.

2023 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 11.2 მლნ ლარი შეადგინა. 2022 წელს ეს მაჩვენებელი 1.7 მლნ ლარი იყო (ომის ეფექტი). საანგარიშო პერიოდში აქტივებზე უკუგება 3.1%-დან 15.2%-მდე გაიზარდა, ხოლო კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელი 7%-დან 34.5%-მდე იყო გაუმჯობესებული. ომამდე, 2021 წელს, კომპანიის კაპიტალზე უკუგების მაჩვენებელი 19.6% იყო, ხოლო აქტივებზე  -  9.1%.   


ᲔᲠᲛᲘᲚᲔ ᲡᲣᲚᲐᲫᲔ ᲘᲣ ᲯᲘ ᲗᲘ / ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲔᲑᲘ
კომპანიის საქმიანობა 1997 წლიდან იწყება.  მისი გენერალური დირექტორი ერმილე სულაძეა. საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზარზე წარმოდგენილი „იუ ჯი თი“ მომხმარებელს ფართო სპექტრის მომსახურებას სთავაზობს.

2023 წელს კომპანიის წმინდა მოგებამ 32.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით 23.5%-ით მეტია. 2023 წელს კომპანიის ძირითადი ფინანსური პროპორციები მაღალ ნიშნულზე იყო შენარჩუნებული. ამ პერიოდში აქტივებზე უკუგება 29.5%-დან 31%-მდე გაუმჯობესდა, ხოლო კაპიტალზე უკუგების ნიშნული 80.6%-დან 85.2%-მდე გაიზარდა. 



# მმართველი / კომპანია ქულა დაარსების წელი
1 ნათია კახიძე მაგთიკომი / ტელეკომუნიკაცია 0,450 1996
2 გიორგი ტყებუჩავა Mercedes-Benz Georgia / ავტოვაჭრობა/მომსახურება 0,399 1996
3 პაატა ღაძაძე თიბისი დაზღვევა / დაზღვევა 0,393 2014
4 მარინა გიორგაძე ბადაგონი / ალკოჰოლური სასმელები 0,393 2003
5 ერმილე სულაძე იუ ჯი თი / საინფორმაციო ტექნოლოგიები 0,391 1997
6 ვლადიმერ ხრიკაძე EPAM Georgia / საინფორმაციო ტექნოლოგიები 0,364 2020
7 ვახტანგ საძაგლიშვილი Sharm / დისტრიბუცია 0,360 2000
8 გიორგი ბარათაშვილი ალდაგი / დაზღვევა 0,326 1998
9 დავით ჟღენტი New Road / მშენებლობა 0,323 2010
10 დავით ალავიძე GDM / დისტრიბუცია 0,304 2005
11 რევაზ დარჩიძე DAR BUILDING / მშენებლობა 0,303 2013
12 ირაკლი ახვლედიანი ორი ნაბიჯი / სუპერმარკეტები 0,301 2009
13 ნათია გარგულია ყვარლის ბაგა / სოფლის მეურნეობა 0,294 2010
14 იოსებ ორჯონიკიძე King David / უძრავი ქონება 0,294 2009
15 თემურ უსტიაშვილი GT Group / ავტოვაჭრობა/მომსახურება 0,289 2005
16 ზურაბ რამაზაშვილი მარანი / ალკოჰოლური სასმელები 0,289 1996
17 ველი დინჩელი ლომისი / ალკოჰოლური სასმელები 0,280 1997
18 პაატა ლომაძე ჯი პი აი / დაზღვევა 0,278 2001
19 დავით მამულაიშვილი სილქნეტი / ტელეკომუნიკაცია 0,276 2009
20 ბესარიონ ბაჯელიძე ლაქი ჰაუსი / მშენებლობა 0,269 2016
21 ლაშა გოცირიძე აგროჰაბი / სუპერმარკეტები 0,257 2015
22 ლევან ჯანყარაშვილი GRC / წარმოება 0,252 2003
23 ზაურ ელიზბარაშვილი ელიზი ჯგუფი / დისტრიბუცია 0,242 1998
24 გიორგი მარგველაშვილი თბილღვინო / ალკოჰოლური სასმელები 0,241 1996
25 გიორგი წივწივაძე თოდუას კლინიკა / ჯანდაცვა 0,235 1999
26 ირაკლი ხატიაშვილი TBC PAY / ფინანსები 0,231 2008
27 სოსო მურღულია ინტერნეიშნლ მარკეტინგ & თრეიდინგ / დისტრიბუცია 0,230 2016
28 დიმიტრი ჯორბენაძე ავერსის კლინიკა / ჯანდაცვა 0,228 2000
29 ორჰან ოღრუნჩი, ონურ სეზერი, გია ლომინაძე აჭარა ტექსტილე / წარმოება 0,217 2008
30 გიორგი კვარაცხელია ლილო მოლი / უძრავი ქონება 0,216 1995
31 არჩილ გაჩეჩილაძე საქართველოს ბანკი / ფინანსები 0,209 1995
32 დირკ არნო ლიპერი GWS / ალკოჰოლური სასმელები 0,209 1995
33 თემურ ჭყონია, თენგიზ კაპანაძე მაკდონალდსი / კვება 0,207 1997
34 ვიგენი ბაღდასაროვი Georgian Card / ფინანსები 0,206 1997
35 ვახტანგ ბუცხრიკიძე თიბისი ბანკი / ფინანსები 0,199 1996
36 ერეკლე გამყრელიძე ლაქტალის ჯორჯია / დისტრიბუცია 0,193 2011
37 ირაკლი გოგოლიშვილი ანაგი / მშენებლობა 0,191 1995
38 გიორგი კასრაძე ელთ ბილდინგი / მშენებლობა 0,190 2015
39 ოთარ დარჩიძე მოდუსი / საცალო ვაჭრობა 0,187 2006
40 ვახტანგ ლეჟავა თავისუფალი უნივერსიტეტი / განათლება 0,182 1995
41 პალ ჯესპერ ფონ ბაჰრი, მარტინ ოლოფ კარლესუნდი ევოლუშენ ჯორჯია / საინფორმაციო ტექნოლოგიები 0,182 2017
42 გიორგი მელანაშვილი ავერსი ფარმა / ფარმაცევტული საქმე 0,181 1999
43 კახა ჭოველიძე ალტა / საცალო ვაჭრობა 0,181 1998
44 ანდრო თევზაძე გეფა / ფარმაცევტული საქმე 0,179 1995
45 მედეა ქაჯაია მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი / ჯანდაცვა 0,173 2015
46 ვასილი ხორავა ვისოლი / ბენზინგასამართი სადგურები 0,170 2000
47 სიაოწინ შაო ჰუალინგი / უძრავი ქონება 0,166 2012
48 მალხაზ საბაძე დემასი / საცალო ვაჭრობა 0,162 2000
49 გივი კერესელიძე სვის კაპიტალი / ფინანსები 0,162 2009
50 ალექსანდერ მირონენკო, მათიას მიულერი მეიჯერელ საქართველო / საინფორმაციო ტექნოლოგიები 0,161 2016
შენიშვნები 1. ფილიპ მორისი ამოღებულია, რადგან მისი ერთადერთი დისტრიბუტორი ჯიდიაია. შესაბამისად, ეს უკანასკნელი ბაზარზე პროდუქციის გაყიდვას უზრუნველყოფს და რეიტინგის განსაზღვრაში მონაწილეობს. 2. რეიტინგი არ მოიცავს სახელმწიფო კომპანიებს ან მათ წილობრივ მონაწილეობას. 3. ტოიოტა კავკასია ამოღებულია, რადგან ის ფლობს ექსკლუზივს და აწვდის ავტორიზებულ დილერებს, რომლებიც პროდუქტის რეალიზებას ახორციელებენ. სწორედ ეს დილერებია შეყვანილი რეიტინგში.