ნაურუს, ეთიოპიის, თურქმენეთის, კატარის, ჩინეთისა და უზბეკეთის ეკონომიკები ბოლო 10 წელია მსოფლიოში ყველაზე სწრაფად იზრდება.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებზე დაყრდნობით, Global Finance-მა ბოლო 10 წელში, მსოფლიოს ყველაზე სწრაფად და ნელა მზარდი ქვეყნები გამოავლინა. 

ნაურუს ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო 10 წელში საშუალოდ 16% შეადგინა. მსოფლიოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევა ბოლო წლებში მხოლოდ რამოდენიმე სახელმწიფომ შეძლო. ასე მაგალითად, სიაში ნომერ მეორე ქვეყნის ეთიოპიის მშპ-ს ზრდის ტემპმა 2008 წლიდან 2017 წლის ჩათვლით 9,8% შეადგინა. მსოფლიოს ნომერ მეორე ეკონომიკის ჩინეთის მშპ-ს ზრდის ტემპი კი ორნიშნა ბოლოს 2010 წელს იყო, ხოლო 10 წლის საშუალო მაჩვენებელმა 8.2% შეადგინა. 

ბოლო 10 წელში ყველაზე სწრაფად შემდეგი ქვეყნების ეკონომიკები გაიზარდა: 

ნუარუ - 16%

ეთიოპია  - 9.8%

თურქმენეთი - 9.5%

კატარი - 8.2%

ჩინეთი - 8.2%

უზბეკეთი - 8%

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ ბოლო 10 წელში საშუალოდ 3,5% შეადგინა და ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში 82-ე ადგილზეა.

წლების მიხედვით საქართველოში მშპ-ს ზრდის ტემპი IMF-ის მონაცემებით, შემდეგი იყო:

2008: 2,4%

2009: -3.7%

2010: 6.2%

2011: 7.2%

2012: 6.4%

2013: 3.4%

2014: 4.6%

2015: 2.9%

2016: 2.7%

საქართველო ამ მაჩვენებლით უსწრებს აზერბაიჯანს, სადაც მშპ-ს ზრდის ტემპი 2008 წელს 10.8% იყო, ბოლო ორი წელია კი ქვეყანა ეკონომიკურ სტაგნაციას განიცდის და საბოლოოდ 10 წელში საშუალოდ აზერბაიჯანის ეკონომიკა 3,1%-ით გაიზარდა. საქართველოს კიდევ ერთ მეზობელ სომხეთში, 10 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 1,8% იყო, რუსეთში 0,9%, თურქეთში კი 4,5%.