1930 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების შემდეგ მასში მონაწილეობის მიღების უფლება სულ რამდენიმე ქვეყნისთვის აუკრძალავთ. ხშირად ეს აკრძალვები კონკრეტულ ქვეყნებში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის, ზოგიერთ შემთხვევაში კი კონკრეტული საფეხბურთო სკანდალის „დამსახურება“ იყო.

სტატიაში წარმოდგენილი ქვეყნების სია TIME-ის მასალაზე დაყრდნობითაა შექმნილი და ითვალისწინებს როგორც ჩემპიონატზე, ისე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობის მიღების აკრძალვის შემთხვევებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღების აკრძალვის ყველაზე ადრეული შემთხვევებით მეორე მსოფლიო ომს მოჰყვა. 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება პოსტ-საომარი სანქციების მიზეზით გერმანიასა და იაპონიას ჩამოართვეს. ათეულობით წლების შემდეგ კი გაეროს მიერ იუგოსლავიის ომების გამო იუგოსლავიაზე დაწესებული საქნციების პირობებში, 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღება იუგოსლავიასაც აეკრძალა.

გეოპოლიტიკური და კონფლიქტური მიზეზით აკრძალვის უკანასკნელი შემთხვევა რუსეთია. 2022 და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე რუსეთის ეროვნულ ნაკრებს თამაშის უფლება უკრაინაში ომის დაწყების გამო აეკრძალა. საინტერესოა, რომ FIFA-მ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციამ რუსეთის წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადა.

ამ კატეგორიით უფლების ჩამორთმევაში უნიკალური შემთხვევაა სამხრეთ აფრიკა. აპარტეიდის გამო ქვეყანას მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა 1970-დან 1990 წლამდე ჰქონდა აკრძალული. 1992 წელს კი რასობრივი სეგრეგაციის დასრულების შემდეგ ქვეყანას ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღების უფლება აღუდგა.

მონაწილეობის უფლების აკრძალვის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ქვეყნის ეროვნულ საფეხბურთო ასოციაციებში მთავრობის ჩარევის შემთხვევებია. წევრ საფეხბურთო ფედერაციებთან FIFA-ს მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებლად ოპერირებაა. FIFA-ს მოთხოვნების დარღვევით მთავრობების მიერ საფეხბურთო ფედერაციების დაშლის ან არჩევნებში ჩარევის მიზეზით სხვადასხვა დროს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის უფლება ინდონეზიის, ქუვეითის, კენიის, ზიმბაბვის, პაკისტანისა და ბრუნეის ნაკრებებს აუკრძალეს.

პოლიტიკური მიზეზების გარდა, აკრძალვის ხშირი მიზეზი საფეხბურთო გადაცდომებიც გამხდარა. მაგალითად, 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღების უფლება, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ზღვარს გადაცილებული მოთამაშეების ასაკის დამალვის გამო, მექსიკას აეკრძალა. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან კი მეკარე რობერტო როხასის მიერ ტრავმის მომიზეზების გამო FIFA-მ ჩილეს ნაკრები ჩახსნა.










































































ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატი მიზეზი
გერმანია 1950 მეორე მსოფლიო ომის შემდგომი აკრძალვა
იაპონია 1950 მეორე მსოფლიო ომის შემდგომი აკრძალვა
სამხრეთი აფრიკა 1970–1990 აპარტეიდის პოლიტიკის გამო აკრძალვა
მექსიკა 1990 ასაკის გაყალბების სკანდალი
იუგოსლავია 1994 იუგოსლავიის ომის გამო გაეროს მიერ დაწესებული სანქცია
ლიბია 1994 გაეროს მიერ დაწესებული სანქცია
ჩილე 1994 მეკარის მიერ ტრავმის მომიზეზება
მიანმარი 2006 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობაზე უარის თქმა
ბრუნეი 2014 ფეხბურთის ფედერაციაში მთავრობის ჩარევა
ზიმბაბვე 2018 ყოფილი მწვრთნელისთვის გასამრჯელოს გადაუხდელობა
ინდონეზია 2018 ფეხბურთის ფედერაციაში მთავრობის ჩარევა
ქუვეითი 2018 ფეხბურთის ფედერაციაში მთავრობის ჩარევა
რუსეთი 2022, 2026 აკრძალვა უკრაინაში შეჭრის გამო