ხშირად მიგრაციის მაჩვენებლების გაზომვისას, მხედველობაში მხოლოდ იმიგრაციის მაჩვენებლებს იღებენ, მაშინ როდესაც მიგრაციის მიზეზების კვლევისთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ემიგრაციის მონაცემებს. სტატიაში წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, რომელთაც ყველაზე დიდი რაოდენობის ემიგრანტები ჰყავს.

მონაცემები აღებულია გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის 2024 წლის ანგარიშიდან და ასახავს ამ პერიოდისათვის ქვეყნებიდან ემიგრაციაში წასული მცხოვრებლების შესახებ ინფორმაციას.

ემიგრაცია იმიგრაციის ანტონიმს წარმოადგენს და სხვა სახელმწიფოში მუდმივად საცხოვრებლად გამგზავრებას ნიშნავს. ემიგრაციის ნაკადი ძირითად შემთხვევაში დაბალშემოსავლიანი ქვეყნებიდან, მაღალშემოსავლიან სახელმწიფოებში მიემართება.

იმიგრაციისგან განსხვავებით, ემიგრაციას დიდი გავლენა აქვს წარმგზავნ სახელმწიფოზეც, იქნება ეს სოციალური, ეკონომიკური თუ დემოგრაფიული ფაქტორი. ბევრი ქვეყნის ეკონომიკა დიდწილად სწორედ ემიგრანტების მიერ გამოგზავნილ ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. საქართველოს მაგალითზე, 2025 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ფულადი გზავნილების წილი მშპ-ის დაახლოებით 4%-ს შეადგენდა. გარდა ამისა, ემიგრაცია დიდ გავლენას ახდენს ქვეყნიდან „ტვინების გადინების“ პროცესზეც, რაც გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალზე უარყოფითად აისახება.

ემიგრაციის ძირითადი მიზეზი სახელმწიფოებში არსებული სიღარიბე, უთანასწორობა, წახალისებული ძალადობა და კორუფციაა. აღნიშნულ ცვლადებს „ბიძგ-ფაქტორებს“ უწოდებენ. „მიმზიდველ ფაქტორებს“ კი უკეთესი განათლება, ჯანდაცვა, სამსახური და უსაფრთხოება წარმოადგენს.

გაეროს 2024 წლის მონაცემებით, საერთო ჯამში საკუთარი სამშობლოს გარეთ 280 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ემიგრანტი ინდოეთს ჰყავს. ინდოელი ემიგრანტების რიცხვი მთელ მსოფლიოში 18.5 მილიონს შეადგენს, რაც ქვეყნის მოსახლეობის 1.3%-ია. რეიტინგის მეორე ადგილს კი ჩინეთი იკავებს, საიდანაც ემიგრაციაში 11.7 მილიონი კაცია წასული. მესამე ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტი ემიგრანტი ჰყავს, მექსიკაა (11.5 მილიონი). წინა ორისაგან განსხვავებით, რომელთა ემიგრანტებიც მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტული, მექსიკელი ემიგრანტები ძირითადად შეერთებულ შტატებში გადადიან საცხოვრებლად.

რეიტინგის მეოთხე ადგილზე 9.7 მილიონი ემიგრანტით უკრაინა იმყოფება, რისი მიზეზიც 2022 წელს დაწყებული ომია. უკრაინელი ემიგრანტების წილი სრულ მოსახლეობაში 25.8%-ს შეადგენს. მეხუთე ადგილზე კი რუსეთია წარმოდგენილი. რუსი ემიგრანტების რიცხვი მთელს მსოფლიოში 9.1 მილიონია, რაც მოსახლეობის 6.3%-ს შეადგენს.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ არსებობენ სახელმწიფოები, საიდანაც ემიგრირებული მოსახლეობა ქვეყნის პოპულაციის საკმაოდ დიდ წილს წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ერთ-ერთი ასეთია სირია, რომლის შემთხვევაშიც დიდი მონაცემია, როგორც რაოდენობის (8.9 მილიონი), ისე წილის (36.2%) მიმართულებით.

საინტერესოა, რომ ემიგრანტების რაოდენობა ზოგიერთ განვითარებულ სახელმწიფოშიც დიდია. ასეთის მაგალითია დიდი ბრიტანეთი (4.8 მილიონი), სადაც ემიგრაციის ძირითადი მიზეზი პენსიაზე გასვლა, დიდი რაოდენობით ექსპატები და დიასპორის არსებობაა.

გაეროს ანგარიშის თანახმად, საქართველოდან ემიგრირებული მოსახლეობის რაოდენობა 496,486-ია, რაც მოსახლეობის 13%-ს შეადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყნიდან ემიგრაციაში საქართველოს 64,594 მოქალაქე წავიდა. ემიგრანტების საერთო რიცხვის დადგენას ის ართულებს, რომ მათი დიდი ნაწილი ძირითადად არალეგალური სტატუსით მიემგზავრება და ეს პროცესი ათწლეულების წინ დაიწყო. შესაბამისად, აღრიცხვიანობა, განსაკუთრებით 90-იან წლებში რთულ პროცესს წარმოადგენდა. სწორედ ამის გამო ემიგრანტების რაოდენობასთან დაკავშირებით საქართველოში მუდმივი კამათი მიმდინარეობს. სხვადასხვა დაუდასტურებელი მონაცემით, მათი რიცხვი 1 მილიონსაც კი აჭარბებს.

ქვეყნები ემიგრანტების რაოდენობის მიხედვით:

















































































რეიტინგი ქვეყანა ემიგრანტები მოსახლეობა წილი, %
1 ინდოეთი 18,533,845 1,450,935,791 1.3%
2 ჩინეთი 11,701,619 1,419,321,278 0.8%
3 მექსიკა 11,596,529 130,861,007 8.9%
4 უკრაინა 9,769,216 37,860,222 25.8%
5 რუსეთი 9,134,094 144,820,423 6.3%
6 სირია 8,927,523 24,672,760 36.2%
7 ბანგლადეში 8,706,947 173,562,364 5.0%
8 ვენესუელა 8,328,514 28,405,543 29.3%
9 ავღანეთი 7,528,994 42,647,492 17.7%
10 ფილიპინები 6,988,383 115,843,670 6.0%

 

ქვეყნები მოსახლეობაში ემიგრანტების წილის მიხედვით:

















































































რეიტინგი ქვეყანა ემიგრანტები მოსახლეობა წილი, %
1 გაიანა 469,649 831,087 56.5%
2 სამოა 119,313 218,020 54.7%
3 ბოსნია-ჰერცეგოვინა 1,608,324 3,164,253 50.8%
4 იამაიკა 1,248,512 2,839,175 44.0%
5 ალბანეთი 1,216,628 2,791,765 43.6%
6 კომორები 367,574 866,628 42.4%
7 სურინამი 258,026 634,431 40.7%
8 სირია 8,927,523 24,672,760 36.2%
9 დომინიკელთა რესპუბლიკა 21,384 66,205 32.3%
10 ვენესუელა 8,328,514 28,405,543 29.3%