საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამყვანი ტურიზმის სტატისტიკას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

აქედან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7%-ით მეტია 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) განხორციელდა საყიდლების მიზნით.

წყარო: საქსტატი

ვიზიტების რაოდენობის განაწილება მონახულებული ქვეყნების მიხედვით ასეთია:


  • თურქეთი - 41.5%;

  • სომხეთი - 16%;

  • რუსეთის ფედერაცია - 14.4%;

  • აზერბაიჯანი - 1.4%.


ევროკავშირის ქვეყნებზე 14%, ხოლო სხვა ქვეყნებზე 12.8% მოდის.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 592.4 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურად 12%-ით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა.