2023 წელი პლანეტის უმდიდრესი ადამიანებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მსოფლიო მასშტაბით, საფონდო ბირჟების ზრდის გავლენით, კოლექტიურად პლანეტის 2,568 მილიარდერი 2023 წლის მიწურულისთვის უფრო მდიდარია, ვიდრე ამ წლის დასაწყისში იყო - ნაწილმა საკუთარ ქონებას მხოლოდ მილიარდი, ნაწილმა კი ათობით მილიარდი დოლარი შემატა. ერთი მათგანის შემთხვევაში მხოლოდ ერთ წელიწადში ქონების წმინდა ღირებულების $100 მილიარდით ზრდაც დაფიქსირდა.

რა თქმა უნდა, ზოგიერთ მილიარდერს უფრო გაუმართლა, ვიდრე სხვებს. Forbes-მა იმ მილიარდერთა ტოპ-10 გამოავლინა, რომელთა ქონებაც 2023 წლის განმავლობაში ყველაზე მეტით გაიზარდა. რეიტინგი 2023 წლის 15 დეკემბრის მონაცემებითაა შედგენილი. საერთო ჯამში, წელს წამყვანმა ათეულმა საკუთარ ქონებას $490 მილიარდი შემატა.

წლევანდელი ათეულიდან შვიდი მილიარდერი ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენელია. 2023 წელი ტექნოლოგიური სფეროსთვის აღდგენის წელი იყო. ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთულ Nasdaq Composite-სა და S&P 500-ზე ზრდამ, შესაბამისად, 42% და 23% შეადგინა. გაიზარდა „ბრწყინვალე შვიდეულის“ - Apple-ის, Microsoft-ის, Alphabet-ის, Amazon-ის, Nvidia-ს, Tesla-სა და Meta-ს - აქციათა ფასები, რაც, შესაბამისად, მათ უკან მდგომი მილიარდერების ქონების ზრდაზეც დადებითად აისხა.

თუმცა არავინაა წელს იმაზე მდიდარი, ვიდრე პლანეტის მილიარდერთა რეიტინგის ლიდერი ილონ მასკი. Forbes-ის კატეგორიზაციით, ის საავტომობილო ინდუსტრიის მილიარდერთა რიგებშია, რადგან მისი სიმდიდრის უდიდესი ნაწილი ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ზე მოდის. მიმდინარე წლის დასაწყისში მასკი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი იყო - $146.5 მილიარდით მას შემდეგ, რაც 2022 წელს რეკორდული რაოდენობის თანხა, $125 მილიარდი დაკარგა.

მიუხედავად გასული წლის ვარდნისა, Tesla-ს აქციებზე ფასების მკვეთრი მატებით, წელს მასკი $108 მილიარდით უფრო მდიდარია და პლანეტის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში პირველობაც დიდი ხანია, დაიბრუნა.

წლევანდელ ათეულში რვა - ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, მხოლოდ ორია გამონაკლისი: ნავთობქიმიური და ენერგეტიკული ინდუსტრიის ინდონეზიელი მაგნატი პრაჯოგო პანგესტუ (წლის ყველაზე დიდი პროცენტული მოგებით - 900%) და მოდის საცალო ვაჭრობის გიგანტ Zara-ს ესპანელი მფლობელი ამანსიო ორტეგა.

რაც შეეხება ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს, ტოპ-5-ში ვხვდებით მარკ ცუკერბერგს, ჯეფ ბეზოსსა და ლარი პეიჯს. 15 დეკემბრის მონაცემებით, Facebook-ის აქციათა ფასების 178%-ანი ზრდის შედეგად, ცუკერბერგი $74.8 მილიარდით უფრო მდიდარია, Amazon-ის აქციათა ფასები 2023 წელს 79%-ით უფრო მაღალია, ბეზოსი კი $65 მილიარდით უფრო მდიდარი, ხოლო პეიჯის ქონება $34.4 მილიარდით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Alphabet-ის აქციათა ფასებმა წელს 50%-ით იმატა.

მილიარდერები, რომელთათვისაც 2023 წელი ყველაზე მოგებიანი აღმოჩნდა:


  1. ილონ მასკი, Tesla, SpaceX - ქონება: $254.9 მილიარდი (+$108.4 მლრდ)

  2. მარკ ცუკერბერგი, Facebook - ქონება: $118.6 მილიარდი (+$74.8 მლრდ)

  3. ჯეფ ბეზოსი, Amazon - ქონება: $172.3 მილიარდი (+$65 მლრდ)

  4. პრაჯოგო პანგესტუ, სხვადასხვა - ქონება: $52.8 მილიარდი (+$47.9 მლრდ)

  5. ლარი პეიჯი, Google - ქონება: $111.7 მილიარდი (+$34.4 მლრდ)

  6. ამანსიო ორტეგა, Zara - ქონება: $97.4 მილიარდი (+$33.2 მლრდ)

  7. სერგეი ბრინი, Google - ქონება: $107.3 მილიარდი (+$33 მლრდ)

  8. სტივ ბალმერი, Microsoft - ქონება: $110.9 მილიარდი (+$32.4 მლრდ)

  9. ლარი ელისონი, Oracle - ქონება: $133.2 მილიარდი (+$30.8 მლრდ)

  10. ძენსენ ხუანგი, Nvidia - ქონება: $43.6 მილიარდი ($29.8 მლრდ)