2025 წლის ოქტომბერში Nvidia მსოფლიოში პირველ კომპანია გახდა, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციით $5 ტრილიონს გადააჭარბა. ალბათ ბევრ ინვესტორს აინტერესებს, რომელი ტექნოლოგიური გიგანტი გადალახავს შემდეგში ამ ნიშნულს. საკუთარი პროგნოზი BestBrokers.com-მა შემოგვთავაზა.

BestBrokers.com-ის ანალიზი კომპანიების ბოლო სამი წლის საშუალო ზრდაზეა დაფუძნებული. შედეგად, მან სავარაუდო თარიღები გამოითვალა, თუ როდის შეძლებენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები ღირებულების $5-ტრილიონიან ზღვრამდე გაზრდას.

ანგარიშზე დაყრდნობით, ამ მიზანთან ყველაზე ახლოს Microsoft-ი და Alphabet-ია. კერძოდ, BestBrokers.com-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, Microsoft-მა $5-ტრილიონიან ნიშნულს შესაძლოა 2026 წლის აგვისტოში მიაღწიოს. რაც შეეხება Alphabet-ს, პროგნოზის მიზედვით, მან ამავე ზღვარს შესაძლოა 2026 წლის ოქტომბერში, დაახლოებით ერთ წელიწადში მიაღწიოს, თუ მსგავსი ტემპით ზრდას გააგრძელებს.

Microsoft-ის ძლიერი ზრდა, ძირითადად, ღრუბლოვან სერვისებზე მოდის, თუმცა სხვა მიმართულებები, როგორიცაა გეიმინგი და AI, ასევე სწრაფად ვითარდება. Alphabet-ი, რომლის საშუალო წლიური ზრდის ტემპი ბოლო 3 წლის განმავლობაში 43%-ს შეადგენს, Google-ის სარეკლამო ბიზნესიდან კვლავ დიდ მოგებას იღებს, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში მილიარდები ჩადოს და AI-რბოლაში არ ჩემორჩეს.

აღსანიშნავია, რომ Alphabet-ის აქციების ფასზე დამატებით იმანაც იქონია გავლენა, რომ Berkshire Hathaway-მ კომპანიაში $4.9-მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა.

რომელი ტექნოლოგიური გიგანტი როდის გადალახავს $5-ტრილიონიან ნიშნულს: 
კომპანია საბაზრო კაპიტალიზაცია 3-წლიანი საშუალო ზრდა სავარაუდო თარიღი $5 ტრილიონამდე
Nvidia *$4.97 ტრილიონი 163% უკვე მიაღწია — 2025 წლის 29 ოქტომბერი
Microsoft $3.94 ტრილიონი 32% 18 აგვისტო, 2026
Alphabet $3.45 ტრილიონი 43% 25 ოქტომბერი, 2026
Apple $4.03 ტრილიონი 18% 14 იანვარი, 2027
Broadcom $1.78 ტრილიონი 112% 20 თებერვალი, 2027
Meta $1.68 ტრილიონი 97% 19 მაისი, 2027
TSMC $1.58 ტრილიონი 77% 13 ოქტომბერი, 2027
Amazon $2.40 ტრილიონი 32% 27 მაისი, 2028
Tesla $1.51 ტრილიონი 33% 26 დეკემბერი, 2029
Oracle $765.97 მილიარდი 56% 1-ელი იანვარი, 2030
*საბაზრო ღირებულება მოცემულია 2025 წლის 29 ოქტომბრის მდგომარეობით.