რუსეთის ფედერაციამ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც მაღალი თანამდებობის ოფიციალურ პირებსა და ბიზნესმენებს, საერთო ჯამში 61 ადამიანს მოიცავს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები შეეხებათ: აშშ-ის ხაზინის მდივან ჯანეტ იელენს, ენერგეტიკის მინისტრ ჯენიფერ გრანჰოლმს, ასევე ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს - აღნიშნულ პირებს რუსეთში შესვლა აეკრძალებათ.

სამინისტროს განმარტებით, სანქციების ახალი პაკეტი წარმოადგენს რეტალიაციის ფორმას და ის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგაა მიმართული. მათი შეფასებით, აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტები აქტიურად ცდილობენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასა და საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის დისკრედიტაციას.

„ეს წარმოადგენს საპასუხო ზომას აშშ-ის მუდმივად მზარდი სანქციების წინააღმდეგ“, - წერია სამინისტროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სანქციების პირველი პაკეტი მოსკოვმა ვაშინგტონის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მარტში წარადგინა, მაშინ შეზღუდვები პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შეეხო.