საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 5.3%-ით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ცნობისათვის, რუსეთი საქართველოს მეორე ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია. მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში მისი წილი მთლიან ვაჭრობაში 11.5%-ს შეადგენს. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში $560 მილიონის ღირებულების საქონლის ექსპორტი და $1.4 მილიარდის ღირებულების იმპორტი განხორციელდა. ექსპორტში ზრდა გასული წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით - 7.3%-ს, იმპორტში კი 4.6%-ს შეადგენს.
საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი გახლავთ. 2023 წლის იანვარ-ოქტომბრის პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ $2.4 მილიარდი შეადგინა, რაც 7.1%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე. საინტერესოა, რომ მესამე ადგილზე აშშ იმყოფება, რომელთანაც სავაჭრო ბრუნვა 59%-ითაა გაზრდილი.
მთლიანობაში საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 10 თვის განმავლობაში $18 მილიარდი შეადგინა (16.2%-იანი ზრდა), საიდანაც $5 მილიარდი - ექსპორტს, $12.6 მილიარდი კი იმპორტს წარმოადგენს.
საინტერესოა, თუ რა სახის საქონელი გავიდა ექსპორტზე რუსეთში და სანაცვლოდ როგორია იმპორტირებული საქონლის განაწილება.
საექსპორტო საქონლის ხუთეული:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $144 მილიონი
- მსუბუქი ავტომობილები - $67 მილიონი (4 959 ერთეული)
- მინერალური და მტკნარი წყლები - $54 მილიონი
- შაქრის დანამატების შემცველობის წყლები (მინერალური და დაგაზიანებული) - $53 მილიონი
- სპირტიანი სასმელები - $50 მილიონი
საიმპორტო საქონლის ხუთეული:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $502 მილიონი
- ნავთობის აირები - $101 მილიონი
- ხორბალი და მესლინი - $44 მილიონი
- ბოცები, ბოთლები და მინის ტევადობები - $41 მილიონი
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან - $38 მილიონი

