2018 წლის ივლისში, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად აჭარაში - 10.1%-ით და სამცხე-ჯავახეთში - 5.9%-ით გაიზარდა, სასტუმროს ფასები მხოლოდ თბილისში შემცირდა - 1.2%-ით. PMCG-ის კვლევის მიხედვით, ივლისში 3* სასტუმროს საშუალო ფასმა 148 ლარი შეადგინა, 4* - 254 ლარი, 5* - 455 ლარი, ხოლო საოჯახო ტიპის - 72 ლარი.
3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში - 180 ლარი და აჭარაში - 156 ლარი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ივლისში აღნიშნული რეგიონების 3* სასტუმროების საშუალო ფასმა, ბოლო ათი თვის (ოქტომბერი - ივლისი) მაქსიმუმს მიაღწია. ივლისის თვეში, 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა ქვემო ქართლი - 89 ლარი და იმერეთი - 110 ლარი.
4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასები სამცხე-ჯავახეთში - 297 ლარი და კახეთში - 289 ლარი დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ივლისში, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის 4* სასტუმროების საშუალო ფასმა, ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია. ივლისის თვეში 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა სამეგრელო-ზემო სვანეთი - 155 ლარი და იმერეთი - 219 ლარი.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა ივლისში 455 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 518 ლარი შეადგინა, სამცხე-ჯავახეთში - 443 ლარი, აჭარაში - 432 ლარი, ხოლო კახეთში - 408 ლარი. 5* სასტუმროების საშუალო ფასმა, აჭარაში და სამცხე-ჯავახეთში, ბოლო ათი თვის მაქსიმუმს მიაღწია. თბილისში ბოლო ათი თვის განმავლობაში, 5* სასტუმროს ყველაზე მაღალი საშუალო ფასი ოქტომბერში დაფიქსირდა, ხოლო კახეთში - ივნისში.

