პანდემიამ ყველაზე მეტად მობილობა შეზღუდა, ამ უკანასკნელმა კი გზა ჩაუხერგა საერთაშორისო მიმოსვლასა და ტურიზმის სექტორს, რომლის დასახმარებლად საფრანგეთმა 2020 წელს €26 მილიარდი გაიღო.

ქვეყანაში ამჟამად მესამედაა ამოქმედებული „ლოქდაუნი“, რაც მთავრობის საბოლოო მიზანს ემსახურება - ზაფხულში ტურისტების მიღებასა და რეგულაციების ეტაპობრივად შემსუბუქებას. თავის მხრივ, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბარ-რესტორნების გახსნას ზაფხულამდე - მაისის შუა რიცხვებისთვის - ვარაუდობს.

„ჩვენთვის გაზაფხული შედარებით რთული იქნება. ვაგრძელებთ ვირუსის შემაკავებელი მექანიზმებით ცხოვრებას, რათა შევინარჩუნოთ ყველაფერი, რაც გვაქვს და საჭირო დროს ავამოქმედოთ“, - ამბობს საფრანგეთის ტურიზმის სახელმწიფო მდივანი.

მანვე განმარტა, თუ როგორ განაწილდა სექტორზე დახარჯული €26 მილიარდი:  €11 მილიარდი მოხმარდა სესხებს, €6 მილიარდი - სოლიდარობის ფონდს, დარჩენილი თანხა კი იმ ადამიანებისთვის გამოიყო, რომელთაც კორონავირუსის გამო სამსახური დროებით დაკარგეს.

ცნობისთვის, საფრანგეთის მოსახლეობის 8.5% სრულადაა აცრილი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, რაც, სტატისტიკაზე დაკვირვებით, არასაკმარისია ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად - Worldometer-ის ბოლო მონაცემებით, გასულ 24 საათში ქვეყანაში დამატებით 31 539 ადამიანი ინფიცირდა, 315 კი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე: 5 „დიდი რიცხვი“, რომლებიც საფრანგეთმა ტურიზმის აღდგენამდე უნდა გაითვალისწინოს