2023 წლის III კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 316 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.5%-ით ნაკლებია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, შემცირების გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სავალო ვალდებულებების და რეინვესტიციის მოცულობის შემცირებაა. ამავე პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სააქციო კაპიტალი 2.5-ჯერ გაიზარდა და 590.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის მოცულობა 30%-ით შემცირდა და 329.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა აშშ 51.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.4% შეადგენს, მეორე ადგილზე გაერთიანებული სამეფოა 45.8 მლნ აშშ დოლარით (14.5%), ხოლო მესამეზე ნიდერლანდები - 45.3 მლნ აშშ დოლარით (14.3%).

მესამე კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულია ამგვარია:


  1. აშშ - 51.8 მლნ აშშ დოლარი;

  2. გაერთიანებული სამეფო - 45.8 მლნ აშშ დოლარი;

  3. ნიდერლანდები - 45.3 მლნ აშშ დოლარი;

  4. თურქეთი - 23.3 მლნ აშშ დოლარი;

  5. ჩინეთი - 19.3 მლნ აშშ დოლარი;

  6. ესპანეთი - 16.5 მლნ აშშ დოლარი;

  7. აზერბაიჯანი - 16.4 მლნ აშშ დოლარი;

  8. ყაზახეთი - 15.5 მლნ აშშ დოლარი;

  9. დანია - 13.9 მლნ აშშ დოლარი;

  10. მალტა - 13.7 მლნ აშშ დოლარი.


აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 80.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 25.4%-ია. მეორე ადგილს იკავებს ტრანსპორტის სექტორი 61.9 მლნ აშშ დოლარით (19.6%), ხოლო მესამეზე იმყოფება ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორი 41 მლნ აშშ დოლარით (13%). ხუთი უმსხვილესი ეკონომიკის სექტორის წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 77.3% შეადგენს.